თამთა ჩაჩანიძე
13.01.2024

უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს შეტევა ოჩამჩირის პორტში მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდებზე და აქვს შესაბამისი შესაძლებლობებიც. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ალეკსეი ნეიჟპაპამ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლო მომავალში შესაძლოა ვიხილოთ დარტყმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება განახორციელოს დარტყმა მოწინააღმდეგის იმ საშუალებებზე, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაში და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ ჩაითვლება. გარდა იშუალოდ საჰაერო დარტყმებისა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული სპეცოპერაცია და დივერსიაც მოაწყონ.

აღსანიშნავია, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის საპასუხო თავდასხმების გამო, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მინიმუმ 20 სამხედრო ხომალდი დაკარგა, მათ შორის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი „მასკვა".

როგორც მოსკოვის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ხელმძღვანელი რუსლან პუხოვი ამბობს, „რუსული ხომალდებისთვის ყირიმის არცერთი პორტი აღარ არის უსაფრთხო", უკრაინამ „ფაქტიურად გააძევა რუსული ფლოტი ყირიმიდან".

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმის ნახევარკუნძულზე ფაქტიურად დაუცველი აღმოჩნდა ოკუპირებული ყირიმის თავდაცვის გასაძლიერებლად რუსეთის უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად - 2014 წელს, ნახევარკუნძულის ანექსიისთანავე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 86 მილიარდი რუბლის ინვესტიციას დაჰპირდა საჰაერო თუ საზღვაო თავდაცვისთვის 2020 წლამდე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ კიევის წარმატებული თავდასხმები თავიდან აეცილებინა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს რუსები იძლებული არიან თავისი სახმედრო ხომალდები შავი ზღვის სხვა პორტებში გადაანაწილონ, რომელზეც ხელი მიუწვდებათ, ძირითადად ნოვოროსიისკში და ნაწილობრივ - ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

როგორც აფხაზეთის ე.წ. უშიშრიოების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, დაგეგმილია, რომ ოჩამჩირეში რუსული გემების მუდმივი ბაზა 2024 წელსვე გაიხსნას.

თუმცაღა, უკრაინის საზღვაო ძალების სარდალი ალექსეი ნეიჟპაპა „უკრაინსკაია პრავდასთან" აცხადებს, რომ კიევს შეუძლია და აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსულ გემებს ახალ საზღვაო ბაზაზე, მათ შორის თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამბობს, რომ რუსები ოჩამჩირეში სამხედრო პორტს თავისი შავი ზღვის ფლოტის გემების გადასანაწილებლად აშენებენ, რადგან ხომალდების ერთ ადგილზე თავმოყრა უსაფრთხო არაა. ალექსეი ნეიჟპაპას თქმით, ნოვოროსიისკის პორტი კლიმატური პირობების გამო ხელსაყრელი არაა, სევასტოპოლს კი აქვს ძალიან დახურული ყურე.

„(ოჩამჩირე) გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების სადგომად. დაცულია ყველა ქარისგან, დასავლეთის ქარის გარდა, რაც ძალიან სიმბოლურია. ნოვოროსიისკში კი ძალიან უსიამოვნო ქარებია, რომელსაც ბორას უწოდებენ. ეს არის კავკასიონის მთებიდან წამოსული ძლიერი ქარი და ამიტომ პორტი დგომა სახიფათოა", - თქვა ნეიჟპაპამ.

მიწვდებიან თუ არა უკრაინელები ოჩამჩირეს

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოჩამჩირის პორტში ჯერჯერობით მოხდება მხოლოდ მცირე და საშუალო რუსული ხომალდების ბაზირება. უკრაინას კი სრული უფლება აქვს, რომ მოწინააღმდეგის ლოკაციებს დაარტყას. მისი ინფორმაციით, დღეს კიევს ასეთი შორი მანძილის იარაღი არ აქვს, თუმცა დასავლეთთან მოლაპარაკებები მიდის.

„2024 წელს რუსები ამის გაკეთებას როგორ მოასწრებენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ბაზა არ იქნება, ეს იქნება ბაზირების რაიონი, სადაც ამ ეტაპზე მცირე და საშუალო ზომის ხომალდების შემოყვანა შეეძლებათ. იქ ბაზის გაკეთებას ხუთი წელი მაინც მოუნდება.

„უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს დარტყმა მოწინააღმდეგის იმ საშუალებებზე, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაში. აქ მე ვერ ვხედავ ვერავითარ საქართველოს ომში ჩათრევის მიზეზს, რადგან ეს ტერიტორია ოკუპირებულია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინა რაც უფრო მეტს დაარტყამს და რუსეთს რაც უფრო გაანადგურებს, მე რომ მკითხოთ, უკეთესია, გინდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია იყოს, გინდა „სამხრეთ ოსეთის". მთავარია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოხდეს აღნიშნული", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას დღეს ოჩამჩირის ბაზაზე დარტყმის საშუალება, კაპანაძემ გვითხრა:

„ამ ეტაპზე არ მგონია ასეთი სიშორის იარაღი უკრაინას ჰქონდეს, თუმცა არ გამოირიცხება ის, რომ ხვალ ექნება. თუ არ ვცდები, ყირიმიდან ოჩამჩირემდე 800 კილომეტრია. ადვილი შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ჰქონდეს რაკეტები, რომლითაც შეუძლიათ აღნიშნულ ტერიტორიას მისწვდნენ. ამ რაკეტებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი მისცემს, ჯერ თავად ვერ აწარმოებენ.

„დღეს, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უკრაინას ამ სიშორის იარაღი არ გააჩნია, მაგრამ რაკეტების მოქმედების სიშორის გაზრდაზე მიდის მოლაპარაკება. ამის გარდა, ასევე გამორიცხული არაა, რომ თუნდაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებები მოხდეს სპეცოპერაციის ფარგლებში", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას დღესაც აქვს საშუალება ოჩამჩირის პორტს მისწვდეს.

„უკრაინისგან საშიშროება იმისა, რომ ოჩამჩირის ბაზას დაარტყას, საკმაოდ მაღალია. ნოკოლაევისა და ოჩაკოვის სამხედრო ბაზებიდან დიდი მანძილი არაა. ეს იარაღია საზღვაო და საჰაერო დრონები, ასევე დივერსიული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება დივერსიული აქტი ჩაატარონ. საშუალებები ბლომადაა, ასევე საჰაერო საშუალებებიცაა - ბომბდამშენები „სუ-24", რომლებსაც შეუძლიათ გადაიტანონ „ატაკმსი", რომელიც ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსია ჰაერი-მიწა. ეს იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაფარვის ზონაში და ამის საშუალებით შეუძლია დაარტყან 250-300 კმ-ის მანძილზე.

„აქ არავითარი საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. ეს ოკუპირებული ტერიტორიაა და იქ რუსი ოკუპანტები არიან. თან ისინი ოჩამჩირის ბაზას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გამოიყენებენ, აქაც არავითარი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობს. ვფიქრობ, რომ რუსები ყველაფერს იზამენ, რათა 2024 წლისთვის ბაზა მოასწრონ, მათ ეს ეჩქარებათ, თან ისედაც არც აპირებდნენ, რომ დიდი გემები შესულიყვნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×