რეზონანსი
26.10.2023

ტოტალიტარული ქვეყნების კოალიცია ღიად იქმნება - საუბარი, ალბათ, იქნება, თუ რანაირად იმოქმედონ კოორდინირებულად ისე, რომ დასავლეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც „ჰამასის" დელეგაციის მოსკოვში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი აჩვენებს, რომ დიდი კოალიცია იქმნება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, რეგიონს და მათ შორის, შეიძლება, საქართველოსაც.

„ტოტალიტარული ქვეყნების კოალიცია ღიად იქმნება, რომელსაც ჩინეთი ღიად არ უერთდება, მაგრამ არსებობს იმის ეჭვები, რომ ჩინეთი მათთან რაღაცნაირად თანამშრომლობს. „ჰამასის" იქ ჩასვლა შეიძლება რუსეთმა წარმოაჩინოს ისე, თითქოს, კონსულტაციებია იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ „ჰამასი" უკვე საერთაშორისო ტერიტორიულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და ისრაელის მხრიდან მასთან არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება. ასე რომ, მოსკოვში იქ მოლაპარაკებებისთვის არ ჩასულან, იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზა აირჩიონ, არამედ საუბარი, ალბათ, იმაზე იქნება, თუ რანაირად იმოქმედონ კოორდინირებულად ისე, რომ დასავლეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და აქ, რა თქმა უნდა, ირანის საკითხიც დგება. ირანი პირდაპირი სპონსორია „პამასის", ასე რომ, იქმნება რაღაც დიდი კოალიცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, რეგიონს და მათ შორის, შეიძლება, ჩვენც," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მან ასევე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის უკრაინას სამხედრო დახმარებას უწყვეტს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის აქვს მექანიზმი, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს შიდა სანქციები და საბოლოო ჯამში, ევროკავშირიდან გარიცხოს კიდეც, სადაც დემოკრატიას საფრთხე ექმნება.

მისივე შეფასებით, სლოვაკეთი და უნგრეთი სწორედ ის ქვეყნებია, სადაც დემოკრატიას საფრთხე ექმნება.

„ჯერ არ ვიცით, ამას სლოვაკეთი მთლიანობაში გადაწყვეტს თუ არა, იმიტომ რომ იქ არსებობს პარლამენტიც და პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგონ. ევროკავშირი, რომელიც აქამდე ძალიან რბილი იყო თავისი ურჩი და დეზორიენტირებული წევრების მიმართ, ახლა ამ ეტაპზე, შეიძლება ბევრად უფრო ხისტი პოზიცია დაიკავონ წევრმა ქვეყნებმა, დიდმა სახელმწიფოებმა და უმრავლესობამ. შიდა განხეთქილება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ გამოჩნდება, ევროკავშირში, ვინ არის რეალურად მართლა დემოკრატიის და განვითარების მომხრე და ვინ არის რეტროსპექტული ძალები," - აღნიშნა მან.

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა გადაცემაში, ასევე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირში, გარკვეული დაბნეულობა აქვთ იმასთან დაკავშირებით, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას სტატუსი.

გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები ისრაელსა და პალესტინას შორის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა.

„მე მგონია, რომ აქამდე იყო ძალიან მცირე [შანსები], მაგრამ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დაწყებასთან ერთად, ეს შანსები გაიზარდა. სამწუხარო ამბავია, რომ ასეთი დაძაბულობა გაიზარდა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მოსაზრებები და არგუმენტები იზრდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, იმიტომ რომ ვითარებაში, როდესაც ერთ კონფლიქტთან დამატებით, ევროკავშირს გაუჩნდა მეორე თავსატკივარი - ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, რომელშიც შეიძლება მომავალში ძალიან დიდი აქტორები ჩაერთონ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება მეტი დაახლოებული პარტნიორი და მათ შორის, საქართველო, რომლის დაკარგვა მას, რა თქმა უნდა, არ უნდა," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×