რეზონანსი
19.10.2023

რაც არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეები, ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულირების სფერო უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას.

მისი თქმით, ევროპაში ამ მხრივ ბევრად მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს.

„ერთი მხრივ თითქოს ყველა აღიარებს, რომ ეს არის ევროდირექტივა, მაგრამ კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რატომ ვასრულებთ ამას, ჯერ სხვა შევასრულოთო. დავუშვათ, არ არის სხვა რეკომენდაციები ჯერ შესრულებული - ამის გამო ეს არ უნდა გავაკეთოთ? თუ ერთი კვირის მერე რომ იქნება მიღებული ეს რეკომენდაცია და სხვა - უფრო ადრე, ამით რამე იცვლება?

მეორე - ზიზღის და სიძულვილის ენა და უხამსობა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეები. პირიქით, ამის წინააღმდეგ საჭიროა გარკვეული მექანიზმების არსებობა. ეს მექანიზმი შეიძლება იმ ტიპის რეგულირება იყოს, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ან უფრო მკაცრი, როგორიც არის ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში - პირდაპირ სასამართლომდე მიდის.

აღარ მოვიყვან ბევრ მაგალითს. რამდენიმე თვის წინ იყო, ერთმა ქალბატონმა მიტინგზე პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად შეადარა მაკრონი ნაგავს და სამ წლამდე ციხე ემუქრება. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ევროპული კანონმდებლობისგან. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ყველაზე ლიბერალურია გამოხატვის მხრივ მთელ ევროპაში, მაგრამ, იმ საკითხში, რაც არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეები, უხამსობა იქნება თუ ზიზღისა და სიძულვილის ენა, გარკვეული რეგულირების სფერო უნდა შეიქმნას და ამას ემსახურება ეს კანონი.

აქ არაფერი აბსტრაქტული არ არის, უხამსობაც და სიძულვილის ენაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. უხამსობა, მაგალითად, 2004 წელს არის განსაზღვრული და პრეტენზია არავის არ ჰქონია აქამდე და ახლა რატომ გახდა საპრეტენზიო? ეს ყველაფერი ევროპულ კანონმდებლობასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×