რეზონანსი
18.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, რომელსაც არანაირი როლი არ ექნება.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს.

ჩუგოშვილის თქმით, მოსალოდნელია ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე განხორციელდეს წნეხი, თუნდაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს.

„ქართული ოცნება" შეეცდება პრეზიდენტი აქციოს დისფუნქციურ პირად, ანუ თანამდებობის პირად , რომელიც არსებობს, მაგრამ არანაირი როლი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დაუშვებს ძალიან მნიშვნელოვან წელს ასეთი ტიპის სურვილებს დაემორჩილოს. ამიტომ წინ, რაღაც პროცესები გველის. არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე რა წნეხი იქნება გამოყენებული, ეს იქნება ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თუ სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, ალბათ, პროკურატურის ხსენებაც ამას ემსახურებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, ადმინისტრაციაზე უფრო იქნება მიმართული", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ბერკეტია პრეზიდენტის ხელში? - ჩუგოშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის ხელშია ის ყველაფერი, რაც იმპიჩმენტამდე იყო, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო და ვერ დასრულდა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ პროცედურებზე, რაც შეიძლება მომავალში განხორციელდეს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ თუკი იმპიჩმენტი არ შედგა, იგივე საკითხზე არ არის შესაძლებელი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

მისივე თქმით, პარლამენტში დღეს დაემუქრნენ პროკურატურით, თუმცა მისი თქმით, მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი.

„ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა ამოიწუროს და ამით დასრულდეს. დღეს, საერთოდ დაემუქრნენ პრეზიდენტს პროკურატურით. იმპიჩმენტი კი არა სისხლის სამართლის პროცედურებით იყო მუქარა. ეს ვერ შეუშლის პრეზიდენტს ხელს, რომ შეასრულოს ის როლი, რომელიც მას აქვს.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი გზა არის იმპიჩმენტი და ასევე პასუხისგებაში მიცემა. მოქმედ პრეზიდენტს, ვერც სისხლის სამართლით ვერ მოედავები თუ არ მოხდა მისი იმპიჩმენტი. ამიტომ, რაც არ უნდა დაუპირონ სალომე ზურაბიშვილს უნდა გაიარონ იმპიჩმენტის გზა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საქმიანობა გააგრძელოს. იმ მომენტში, რა მომენტშიც ქვეყანა არის, პრეზიდენტი არა თუ უფლება მოსილია, არამედ ვალდებულიც არის თავისი როლი შეასრულოს და ქვეყანას დაეხმაროს მხარდამჭერების მოპოვებაში",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×