რეზონანსი
18.10.2023

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იმავე დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გადაუგზავნა პრეზიდენტს რეკომენდაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო „შერატონში" ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს" შორის გაცნობით შეხვედრა გაიმართა.

ბრეგაძის განცხადებით, მეორე სახელმწიფოს შეუძლია არ გასცეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რადგან ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ ოთარ ფარცხალაძეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა.

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქემაც მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობა, ამის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად ხომ არ ვრცელდება?! იმიტომ, რომ ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოს შეუძლია, საერთოდ არ გასცეს პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ იყო ცნობილი. როდესაც სახელმწიფოსთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი და როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია მივიღეთ, მას მერე დავიწყეთ პროცესი. სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს ორმხრივ და, მათ შორის, მრავალმხრივ მოქალაქეობაც.

შეიძლება სხვა ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს მიღებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ისე, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის არ იყოს ცნობილი", - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ხარვეზი და ყველა ქვეყანაში ასეა.

„მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ხდება ცნობილი მერე წყდება მოქალაქეობა", - აღნიშნა მან.

ბრეგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რადგან სამინისტრომ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციით დიდი ხნის წინ მიმართა.

„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია", - განაცხადა ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×