რეზონანსი
09.09.2023

უკრაინა იმედგაცრუებულია „დიდი ოცეული" საბოლოო დეკლარაციის ტექსტით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ნიკოლენკომ იმედგაცრუება გამოხატა დოკუმენტის იმ ნაწილით, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის მონაწილეობა საშუალებას მისცემდა მონაწილეებს, სიტუაცია უკეთ გაეგოთ.

„პრინციპი - არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე" რჩება საკვანძო, როგორც არასდროს", - აღნიშნა ნიკოლენკომ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გამოაქვეყნა, როგორ უნდა შეიცვალოს ტექსტის ძირითადი ელემენტები, რათა უფრო ახლოს იყოს რეალობასთან.

მისივე თქმით, დეკლარაციაში უნდა აღნიშნულიყო, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ „უკრაინის ომზე" და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ და არა „ყველა ქვეყანამ" უნდა შეიკავოს თავი ძალის გამოყენებისგან.

ნიკოლენკომ ასევე აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილეებს მკაცრად უნდა დაეგმოთ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთისთვის დაუყოვნებლივ ომის დასრულებისკენ მოეწოდებინათ.

„დიდი ოცეულის" სამიტმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომელიც „დიდი ოცეულის" ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, განაცხადა, რომ „ოცეულის ჯგუფი" უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეთანხმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×