
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ძაღლმა 12 წლის მოზარდი დაკბინა. აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ მიაწოდა. ირინა ზაუტაშვილის თქმით, გოგონას ნაკბენი ქვედა კიდურის არეში აქვს.
"ეზოში იყო ბავშვი ჩვეულებრივად, არც გარბოდა და არაფერი, უბრალოდ წყლის დასალევად მივიდა, ეცა და უკბინა. კიდურში აქვს ნაკბენი, გუშინ გავუკეთეთ აცრა. მეზობელი იყო იქ და მან თქვა, რომ პირველი შემთხვევა არ არისო, 2 მოზარდს უკბინა ცოტა ხნის წინ, ოღონდ იმათ უფრო რთულად, რამდენიმე ადგილას.
დავრეკეთ ცხოველთა მონიტორინგში და წაიყვანენო მითხრეს. წაყვანილიც ჰყავდათ 2 კვირის წინ, გუშინწინ გამოუშვეს და გუშინ ბავშვს უკბინა კიდევ. თუ წაიყვანენ ამ ძაღლს უკეთესი იქნება, რამდენი უნდა დაკბინოს? თან მოზარდებზე იწევს, დიდებზე არა", - აცხადებს ბავშვის დედა.
როგორც რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, ძაღლს სამსახურის მხრიდან ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაცია და სტერილიზაციის პროცედურა.
"ინფო რუსთავი"