რეზონანსი
03.07.2023

რას ედავებიან ადამიანს, რომ აქამდე ცოცხალია? მე სულ მაქვს ექიმებთან კონტაქტი და მომწერეს, რომ კვირაში სამჯერ ახალ გაყინულ პლაზმას, ასევე, ორჯერ სისხლის მასას უსხამენ. ის, რომ ამ ადამიანმა აქამდე სული მოიტანა, ამის დამსახურებაა, რაღაც სასწაული კი არ ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, ქვეყნიდან უნდა იქნას გადაყვანილი და ციხე პოლიტიკური რევანშის ასპარეზად არ უნდა იქცეს.

„მე არ მგონია ადამიანი, ვინც ვიზუალურად სააკაშვილის მდგომარეობა დაინახა და კმაყოფილი დარჩა. მე არ ვიცი საქილიკო რა არის ამაში, როცა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზეა საუბარი. რას ედავებიან ადამიანს, რომ აქამდე ცოცხალია? მე სულ მაქვს კონტაქტი ექიმებთან და ის, რომ ამ ადამიანმა აქამდე სული მოიტანა, დამსახურებაა იმის, რომ კვირაში სამჯერ ახალ გაყინულ პლაზმას უსხამენ, ასევე, ორჯერ უსხამენ სისხლის მასას. ასეა მოწერილი [ექიმების მიერ]. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის მძიმედ სინამდვილეში ანუ, კი არ ჭამს და კი არ გაუმჯობესდა და რაღაც სასწაული კი არ ხდება. ის, რომ ლაპარაკობს და პროტესტი აქვს, აბა, არ უნდა ჰქონდეს პროტესტი, რაც ხდება ქვეყანაში? რას ვედავებით მართლა?," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე, სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი თავისი მოქალაქის მიმართ ასეთი ფორმით მხარდაჭერის გამოსახატად იცლის.

„ზელენსკი არ არის მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ლიდერს, რომელიც უპირისპირდება ბოროტების იმპერიას. თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი მსოფლიო მასშტაბის თუ შეიძლება ვინმეზე ვთქვათ, არის ზელენსკი. ზელენსკის აქვს იმხელა ადამიანობა, განცდა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი თავის მოქალაქე სააკაშვილზე იცლის, რომ ასეთი ფორმით გამოხატოს მხარდაჭერა. ადამიანი დამნაშავეც რომ იყოს, უნდა გაუშვა, როცა შენი ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი. რა გახდა ასეთი, ეს კაცი რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ?!," - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×