რეზონანსი
03.07.2023

ბრალდებები უკვე მრავალი თვეა გვესმის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა ერთადერთი რამ: ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მათ შორის, ნორმალური პირობები შეექმნათ ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს და ასეთი 7 თუ 8 გვყავს დღეს. მრავალპარტიულობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა განმარტა, მმართველმა გუნდმა აღიარა, რომ დათმობაზე წასვლა შეცდომა იყო, რის შედეგადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა. შესაბამისად, მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება, ცესკო-ს მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ უმრავლესობით ავირჩევთ ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს მოდელი აპრობირებულია სრულიად ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გამონაკლისს ამ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც მუშაობს მოდელი, რომელიც ექსპერიმენტის სახით იყო შემოთავაზებული. პარტიის თავმჯდომარემ და ფრაქციის თავმჯდომარემაც აღნიშნეს, რომ საკმაოდ დიდი შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან, ამ შეცდომების აღიარებასაც სჭირდება ვაჟკაცობა და სითამამე. ეს შეცდომა ჩვენ ვაღიარეთ: არ უნდა წავსულიყავით დათმობაზე, რომელმაც ჩიხში მოაქცია მთელი ეს პროცესი, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების შერჩევასთან მიმართებით.

აქედან გამომდინარე, უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი, დავაბრუნოთ ნორმალურ კალაპოტში ცესკო-ს მუშაობა, ავირჩიოთ ლეგიტიმური გზით, ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის უმრავლესობის ან სრული შემადგენლობის მხარდაჭერით, მომავალი თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი თუ იქნება ამგვარი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან. თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, 76 ხმა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეული. თუ ეს იქნება ის ბატონი, რომელიც ახლა მოვალეობას ასრულებს, მე ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ სწორედ ამ ბატონმა და ცესკო-ს ამ შემადგენლობამ ჩაატარა უკანასკნელი ორი წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნები ისე, რომ არავითარი კრიტიკული შეფასებები მათ შორის, ეუთო/ოდირის მხრიდან არ ყოფილა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×