
ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენენ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„დიდი პატივია ჩემთვის, წარმოგიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება," -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.