რეზონანსი
29.06.2023

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ვერც მათი პროტესტის მიზანი გაიგო და ვერც მოტივი.

„ჩვენ არაერთი პერფორმანსის მომსწრე და მნახველები ვართ პარლამენტში, კომიტეტებზე, სასესიო სხდომებზე, თუმცა, ასეთი მდარე ხარისხის ძნელად თუ მახსენდება. ეს ჩემი შეფასებაა და ამის უფლება მაქვს. თუ ესენი ხელოვნების ნაწილად თვლიან თავს, თუ ხელოვნებაშიც ასეთ პროდუქტს დებენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან მდარე ხარისხის იყო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

რა კავშირში იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშთან? ეს ადამიანები ალბათ, აცდენილები არიან რეალობას, ალბათ სხვა კომიტეტზე ეგონათ თავი, სხვა ვითარებაში, სხვა განხილვაზე. რაც ვნახეთ, მდარე ხარისხის იყო, ვერც მიზანი გავიგეთ, ვერც მოტივი. მათი სურვილი გასაგებია, თუმცა, ესეც კი ვერ წარმოაჩინეს. მე ხელოვნების დარგის დიდ ექსპერტად ვერ გამოვდგები, თუმცა, როგორც ამ სიკეთის მიმღების, რიგითი მოქალაქისთვის მდარე ხარისხის შთაბეჭდილება დატოვა, თუ ხელოვნებაში ასეთ მდარე ხარისხის რეზულტატს და პროდუქტს დებენ, ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ღუდუშაურმა.

„სოლიდარობა მწერლებს", „დამოუკიდებლობა კინოცენტრს", „არა ცენზურას", „კინო საფრთხეშია", „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", „ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შესვენება გამოაცხადა და მათ მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინათ. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კი კომიტეტის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მთლიანად კულტურის სფეროში და კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×