
იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში. დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება.
უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.