რეზონანსი
24.06.2023

ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

„ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს უბრალოდ არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სუისს". აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სუისი" ბიძინა ივანიშვილის მიმართ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ „Credit Suisse მოქმედებდა თავხედურად".

„ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს Credit Suisse თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას პოლიტიკური ინტერესები, ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×