რეზონანსი
24.06.2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

„გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატი გამოიწვია. ეს სწორედაც რომ ღალატია - საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც ჩვენს ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან მხარდამხარ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ წევრები და მეთაურები. შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების შესახებ. 

გვერდით უნდა გადავდოთ ყველაფერი, რაც რუსეთს ასუსტებს. მიღებული იქნება ქმედითი ზომები როსტოვში შექმნილი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ვითარება ამ დრომდე რთული რჩება - სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა პრაქტიკულად ბლოკირებულია. ამბოხის მცდელობაში ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ერთიანობას არღვევს, არის ფაქტობრივად საკუთარი ერის ღალატი, იმ მეგობრების ღალატი, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის ზურგში ჩაცემული ლახვარი. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1917 წელს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს დაცემა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ჩვენ ამის გამეორებას არ დავუშვებთ და დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან", - თქვა პუტინმა.

მისივე განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები. 

"როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს", - თქვა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×