
მოსკოვში, ძალოვან უწყებებში მზადყოფნა გამოცხადდა. "ეფესბე" და უსაფრთხოების სხვა სამსახურები მზადყოფნაში არიან. "ბიბისის" ცნობით, ამ ინფორმაციას უდასტურებთ წყარო სამხედრო წრეებში, რომელიც ასევე მოსკოვის სამხედრო გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, "ეფესბე" სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმების მხარდაჭერით, დონის გზატკეცილზე საგუშაგოებს აწყობს. საგუშაგოებზე მორიგეებს ევალებათ საფრთხის შემთხვევაში ცეცხლის გახსნა. ტექნიკა მზადყოფნაშია, მაგრამ სამხედრო დანაყოფებს მისი გაყვანის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.
როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.
„არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე,” - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, სადაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა "ვაგნერი" დაბომბეს, შედეგად ჯარისკაცები დაიღუპნენ. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისრს, სერგეი შოიგუსა და თავდაცვის ძალებს შურისძიებით დაემუქრა.