რეზონანსი
21.06.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოზიტიურადაა განწყობილი ევროკომისიის მიერ წარმოსადგენ შეფასებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განცხადებით, კარგია რომ შუალედური შეფასებები იქნება, რადგან ოქტომბრისთვის ხელისუფლება საბოლოო დასკვნისთვის უკეთ მოემზადება.

„ვიცით, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გამოხმაურება გვქონდა ბრიუსელიდან, ან სხვადასხვა დედაქალაქში, სადაც ვიმყოფებოდით. ფაქტია, რომ პარლამენტმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავა რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ჩვენ დაახლოებით 100 კანონი მივიღეთ, მეტი თუ არა. ბოლო მონაცემები გვექნება ამ სესიის ბოლოს, იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ეს რეკომენდაციები. კარგია, რომ შუალედური შეფასებები იქნება, ვნახოთ დეტალებს რას გაგვიზიარებენ, რომ ჩვენ უკვე ოქტომბრისთვის კომისიის საბოლოო დასკვნისთვის მოვემზადოთ და მათ შორის, დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის. მთავარი ერთი რამეა, ახლაც საქართველოში ვიზიტით იმყოფება ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ასეთ შეხვედრაზე, იქნება ეს საქართველოში თუ ვიზიტების დროს ევროკავშირის დედაქალაქებში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. უფრო ხშირად და ხშირად გვესმის, რომ არის გაცნობიერება, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი მაშინ, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივაც იქნება ხარვეზი აღმოფხვრილი და სტატუსი მინიჭებული. საქართველო როგორც შარშან ივნისში აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ასევე ახლაც აკმაყოფილებს. ყოველი დღე, როდესაც არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ მოველით, რომ ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკომისია უკმაყოფილოა „ქართული ოცნების" მუშაობით და 12-დან მხოლოდ სამია შესრულებული, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ეს ანგარიში შუალედურია და გარკვეული მინიშნებები შესაძლოა იყოს.

„ვნახოთ რა იქნება შეფასებები, ასე იმასაც ამბობდნენ, რომ უკრაინამ 7-დან ორი შეასრულა. შუალედურია ეს ანგარიში, გარკვეული მინიშნებები შეიძლება იყოს. ოქტომბერში იქნება საბოლოო შეფასება ყველა ამ საკითხის და მათ შორის საკითხები ჩვენთანაც დასასრულებელია ზოგიერთი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომელიმე სისხლის სამართლის საქმის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირება, სწორი არ არის.

„სისხლის სამართლის საქმის ევროკავშირთან დაკავშირება არ მგონია, სწორი იყოს. თუ ვინმე უკავშირებს, არ მგონია, სწორი იყოს. ეს აკნინებს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელობას, ისე ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის მნიშვნელობას. ვნახოთ რა იქნება შეფასებები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ რეფორმების შესახებ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კი საქართველოზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×