რეზონანსი
17.06.2023

Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 304 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, თითქმის 18%-ით აღემატება

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, რომ ზრდა ფიქსირდება წლის პირველი 5 თვის ჯამური მონაცემებითაც.

„მთლიანობაში, 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1.35 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, აპრილი-მაისის მონაცემებით, აქაც ზრდა გვაქვს. თუ აპრილში ქვეყანამ ტურიზმიდან 250 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაისში ეს მაჩვენებელი 304 მილიონ დოლარს გაუტოლდა", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მან მიმდინარე წლის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს საკუთარი პროგნოზი, რაც წლის დასაწყისში ჰქონდა, არ შეუცვლია.

„ველოდებით, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. აქ ვგულისხმობთ მიგრანტების ეფექტის გარეშე იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო იმ მიგრანტების გამოთიშვა ტურიზმის სტატისტიკიდან, რომლებიც უკვე გახდნენ რეზიდენტები", - განმარტა Galt&Taggart-ის ეკონომისტმა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების, თითქმის 80% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა, გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ კი 6 ღამე შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×