ქეთო გოგოხია
12.06.2023

სარემონტო სამუშაოების ღირებულება ბოლო 2-3 წელიწადში გაორმაგდა. პანდემიის პერიოდში დაწყებული ტენდენცია, ძირითადად, სამშენებლო მასალების გაძვირებას უკავშირდებოდა. ეს ფაქტორი დღესაც ძალაშია, თუმცა ნაკლები მასშტაბით, დროთა განმავლობაში ფასებზე გავლენა იქონია პროფესიონალი კადრების სიმცირემ და ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ. ამიტომ ახლა ხელოსნის მომსახურება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საჭირო მასალები. საფასო ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ბინის საფუძვლიან რემონტს ვერ ახერხებს.

როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსმა" სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და კვალიფიციურ ხელოსნებთან გაარკვია, თბილისსა და ბათუმში 1 კვადრატული ფართი საგუძვლიანი რემონტის ღირებულება 1000 ლარს აღწევს. საშუალოდ კი ფასი 600-700 ლარის დიაპაზონში მერყეობს.

რაც შეეხება ცალკეულ სამუშაოებს, მაგალითისთვის, ლამინატის დაგება თუკი 2 წლის წინ  22 ლარი ღირდა, ამ ეტაპზე 40-50 ლარის ფარგლებშია, კედლების გალესვა-შეღებვის საფასური  7-10 ლარიდან 20-25 ლარამდე გაიზარდა. ელექტროგაყვანილობის წერტილები, მაგალითად,  ჩამრთველის დასმა 25 ლარია, და ა.შ. გაძვირდაც აბსოლურურად ყველა მომსახურება, რომელიც  ბინის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც სამშენებლო მასალების მაღაზიების და ასევე სარემონტო სფეროს წარმომადგენლები თუ ხელოსნები აცხადებენ, ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა, რაც ფასებზეც აისახება. მიუხედავად იმისი, რომ ტარიფები იზრდება, მოთხოვნა მეტ-ნაკლებად არის, თუმცა ხელოსნების დიდი სიმცირეა, რაც, თავის მხრივ, კადრების გადინებამ გამოიწვია.

სამშენებლო კომპანია ,,ზენიტის" დამფუძნებელი კიაზო აბესაძე ფასების ცვლილების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს. მისი აზით, პრობლემა ინფლაციას უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში კი ესა თუ ის მომსახურება უსაფუძვლოდ და ქაოსურად ძვირდება.

,,მოსახლეობა, ერი და ბერი, მიეჩვია, რომ ყველაფერი ძვირდება. ხშირად ფასების მატება ლოგიკას მოკლებულია. უსაფუძვლოდ მატულობს ფასი სარემონტო სამუშაოების შემთხვევაშიც. მას გარკვეული მიზეზი ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ტენდენცია გაგრძელდა და საფასო დინამიკა ზოგ შემთხვევაში, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოებს აწარმოებენ, უკვე ხელოვნურადაც ზრდიან მომსახურების ღირებულებას. სხვა ახსნა ამას არ აქვს, რადგან ლარის კურსი სტაბილურია, სამშნებებლო-სარემონტო მასალების გაძვირების ტენდენციაც შეჩერებულია.

ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ მხრივ ბაზარზე გავლენას ახდენს, კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ხელოსნების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. ზოგიც, როცა ხედავს, რომ გარშემო ყველაფრის ფასი მატულობს, თვითნებურად აძვირებს ხელობას. რამდენად ნორმალურია ეს პროცესი, დროთა განმავლობაში ბაზარი განსაზღვრავს. ამ ეტაპზე კი შემიძლია ვთქვა - რაც ახლა ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 1 კვადრატული მეტრი ფართი გარემონტის ტარიფი ხშირ შმთხვევაში 200-დან 300 დოლარამდეა, რაც ძალიან გაბერილი მაჩვენებელია", - აღნიშნა კაიზო აბესაძემ.

სამშენებლო კომპანიებში ადასტურებენ, რომ ახალ კორპუსებში თეთრი კარკასიდან ბინის რემონტის საფასური 1 კვ/მ-ზე 1000 ლარს გაუტოლდა.

,,რემონტი საქართველოს  დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ძვირი სიამოვნებაა. 2-3 წლის წინ 500 ლარამდე ჯდებოდა 1 კვადრატული ფართის საფუძვლიანი რემონტი და დღეს 1000 ლარი ღირს. ჯერჯერობით ეს მოცემულობაა, რომელიც სავარაუდოდ, შენარჩუნდება", - მშენებელ-ინჟინერმა გიორგი ოთხმეზურმა.

კომპანია ,,ქალდის“ წარმომადგენელი გიორგი გელბაქიანი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" პირდაპირ ამბობს, რომ ტარიფები გაორმაგებულია.

,,ხელობა მკვეთრად არის გაძვირებული. დღეს ბინის რემონტის ფასი 250 დოლარიდან იწყება. მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო 450-500 დოლარამდეც ჯდება, ადრე ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარის ფარგლებში იყო. სამშენებლო მასალები გაძვირებულია და ზოგადად, მომსახურების სეგმენტში ფასების ზრდის ტენდენციაა, რაც სარემონტო სამუშაოებზეც აისახა.

რაღაც ეტაპზე ამან მოთხოვნაზეც იმოქმედა, მაგრამ მერე ისევ გამოსწორდა სიტუაცია და ახლა იმდენად დიდი აქტიურობაა, რომ კვალიფიციურ კადრების მხრივ გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მოთხოვნა-მიწოდების მხრივ დისბალანსია“, - აღნიშნა გიორგი გელბაქიანმა.

რაც შეეხება ხელოსნებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაზეც სექტორის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, მომხმარებლებიც ადასტურებენ. უკვე ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოს დასჯერდა რემონტის მაღალი ფასის გამო, ნაწილის თქმით კი, რემონტის ღირებულება ლამის ბინის ფასს გაუტოლდა.

თბილისში, გლდანში მცხოვრები ნინი შველიძე ამბობს, რომ 65 კვადრატული ბინის რემონტში  დაახლოებით 25 000 დოლარი გადაიხადა.

,,ცალკე ფული, ცალკე ხელოსნებთან დაკავშირებული პრობლემა, მთელი დაბრკოლებებია, რაც ფინანსუურ რესურსთან ერთად დიდი ენერგიას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი წინასწარ განვსაზღვრე, დაახლოებით 15-20%-ით ძვირი გადავიხადე, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. სამოთახიანი ბინის რემონტი თვეობით გაგრძელდა, რადგან ხელოსნებს პარალელურ შეკვეთებზეც უწევდათ სიარული, წარმოუდგენელი სიტუაციაა, მაგრამ ასე გრძელდებოდა 4-5 თვის განმავლობაში, საერთო ჯამში 25 000 დოლარი დამიჯდა და შედეგით მაინც არ ვარ კმაყოფილი", - ამბობს მომხმარებელი.

 ისანში მცხოვრებ ზაალ ცხადაძეს კი ოროთახიანი ბინის კოსმეტიკური რემონტო 15 000 ლარი დაუჯდა და სამუშაოს ნაწილიც თვითონ შეასრულა.

,,ახალი ბინა შევიძიენთ და რადგან სახლი ცუდ მდგომარეობაში იყო, კედლები გავათეთრე, გაყვანილობა შევცვალეთ და მეტ-ნაკლებად წესრიგში მოვიყვანეთ. როცა ხელოსანი მოვიყვანე და ხარჯი დავთვალეთ, 28 000 დოლარამდე მიანგარიშა. თანხა არ მქონდა საკმარისი, ამიტომ კოსმეტიკურ რემონტს დავჯერდი. ჯამში მაინც 15 000 ლარი დავხარჯე და ელექტროგაყვანილობის სამუშაოები მთლიანად თვითონ შევასრულე, მღებავის საქმეც ჩემს თავზე ავიღე", - თქვა ბინის მფლობელმა ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×