სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა სხვაობა მაინც ძალიან დიდია
გვანცა წულაია
12.06.2023

ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა შემცირდა. ბოლო მონაცემებით, შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მართალია,  ჯინის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალ 0.34%-ია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაჩვენებელი ასეთი დაბალი აქამდე არასოდეს ყოფილა. 

ჯინის კოეფიციენტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე (-0.42%) 2010 და 2011 წლებში იყო. 2012 წელს კი 0.41%- ზე ჩამოვიდა და მას შემდეგ იკლებს, მხოლოდ 2017 წელს გაიზარდა 0.39%-დან (2016 წლის შედეგი) 0.40%-მდე. სხვა წლებში კლებაა ანდა იმავე მაჩვენებელზეა და უკვე 2021 და 2022 წელს კოეფიციენტმა 0.34% შეადგინა.

რადგანაც ჯინის კოეფიციენტი დაკლებულია, ეს პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ   ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ბოლო წლებში ღარიბთა კატეგორია დაახლოებით, 80 ათასმა ადამიანმა დაძლია.

„ეკონომიკური უთანასწორობა რამდენიმე გარემოებას უკავშირდება. ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით, ადამიანები ერთამეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად, მათი შემოსავლებიც სხვადასხვაა.

მოხმარების დიდი ნაწილი მოდის ოჯახურ მოხმარებაზე, ანუ ფაქტობროვად, მთავარ სუბიექტად გამოდის ოჯახი და არა ცალკეული პიროვნება. იმის გამო, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობა ერთმანეთისაგან განსხვავდება, თანაბარი შემოსავლის პირობებში, შესაძლოა, უთანაბრობა იყოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია უთანასწორობის. ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გვყავს განსაკუთრებით გამორჩეული და ნიჭიერი ადამიანები, რომელთა შემოსავლები შეიძლება შვიდნიშნა რიცხვშიც კი გამოიხატოს.

საქართველოში, უთანსწორობამ, 90-იან წლებში, მასშტაბური ხასიათი მიიღო. მდიდრებსა და ღარიბებს შორის საკმაოდ დიდ პოლარიზაცია გაჩნდა. ამჟამად, უთანასწორობაში შემცირების ტენდენციაა და ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების უთანაბრობას აჩვენებს, თანდათანობით იკლებს. იგი რაც უფრო დაბალია, საზოგადოებაში შემოსავლების მით უფრო თანაბრად ნაწილდება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ სოციალური სტაბილურობისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების მიხედვით, უთანასწორობის მისაღებ დონემდე საქართველოს ჯერ კიდევ საკმაო გზა აქვს გასავლელი.

ბოლო წლებში, ღარიბთა კატეგორია დაახლოებით, 80 ათასმა ადამიანმა დატოვა და თუ 10-წლიან პერიოდს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს. ზოგმა საშუალო ფენაში გადაინაცვლა, ზოგმაც შედარებით უფრო მოწინავე - შეძლებულთა და მდიდართა კატეგორიაში“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ საქართველოში ღარიბთა შემოსავლები 4-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ამერიკელ ღარიბებთან შედარებით,

„აშშ-ში მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია, მაგრამ იქ მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტი 70 ათას დოლარს აღემატება, ხოლო ჩვენთან, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით თუ დავთვლით და არა სავალუტო კურსით, სადღაც 18 ათასამდეა, ანუ დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია. ის პროპორცია, რომელიც აშშ-ში მეტ-ნაკლებად ასატანია, ჩვენთან ნიშნავს, რომ ღარიბთა შემოსავლები 4-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ამერიკელ ღარიბებთან შედარებით, ამიტომ აქ ორ მომენტს უნდა მიექცეს ყურადღება. პირველი - როგორია სოციალური დეფერენცირება შემოსავლების მიხედვით, საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის და მეორე - როგორია ამ საზოგადოების ეკონომიკური პოტენციალი, იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი წევრების არსებობს,

ამერიკაში 4-წევრიანი ოჯახის სიღარიბის ზღვარი, წლიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით 25 ათასი დოლარია და თვეში 2 ათას დოლარზე მეტი თანხა გამოდის. ვისაც ამ თანხაზე ნაკლები აქვს, ის ღარიბად მოიხსენიება და ავტომატურად სოციალური დახმარების პროექტში ჯდება. ჩვენთან 2 ათასი დოლარის შემოსავლის მქონე პირი კი ლამის შეძლებულ ფენას მიეკუთვნება“, - დასძინა სოსო არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით, საქართველოს პროფკავშირების მიერ აპრილში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი შემოსავალი 35 009 ლარია (გასაშუალებული მაჩვენებელი). 

კერძოდ, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, 500 ლარამდე ხელფასი საქართველოში 131 841 ადამიანს აქვს და საშუალოდ თვეში 284 ლარს გამოიმუშავებენ.

ამავე მონაცემებით, 11 055 ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებული კი თვეში, საშუალოდ, 35 009 ლარს იღებს.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ. 2022 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 15.6% იყო. ასეთ დაბალ შედეგზე ქვეყანა არასოდეს გასულა. შარშანდელი მაჩვენელი 2021 წელთან შედარებით, 1.9%-ით ნაკლებია, ხოლო 2020 წელთან განსხვავება 5.7%-ია.

მიუხედვად იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა, მისი მაჩვენებელი მაინც მაღალია და მის კიდევ კლებაზე ზრუნვა უნდა გაძლიერდეს. ასეთი მოსაზრება აქვს ეკონომისტს ზვიად ხორგუაშვილს.

„ადამიანებს შემოსავლების მიხედვით თუ დავყოფთ, ვნახავთ, რომ თვეში 5 ათასი ლარი და მეტი აქვს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს, 700 ლარი და ამ თანხაზე ნაკლები აქვს დაახლოებით 600 ათას ადამიანს. ზოგადად, მოსახლეობის უთანასწორობის კვლევა არის ფსევდოეკონომიკური საქმიანობა. გაუგებარია, რაში გვაინტერესებს უთანასწორობა. მთავარია, რაც უნდა გვაინტერესებდეს ეს სიღარიბე და მისი დაძლევაა, თუ ქვეყანაში ბევრი ღარიბია, რა თქმა უნდა, პრობლემაა და მოსახლეობის ამ კატეგორიამ შემოსავლებით მაღლა და მაღლა უნდა აიწიოს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან შედარებას, აზერბაიჯანში უთანასწორობა, თუ სწორად მახსოვს, უფრო მაღალია. ქვეყანა რაც უფრო ავტორიტატულია, და ეკონომიკურად რაც უფრო ნაკლებად თავისუფალია, მით უფრო მაღალია უთანასწორობა. ამას ბევრი კვლევა მოწმობს, თუმცა არის გამონაკლისები. მაგალითად ჩილე, ეკონომიკურად თავისუფალია, თუმცა იქ უთანასწორობა მაღალია, ისე, როგორც აშშ-ში“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზვიად ხორგუაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო 2 წლის ეკონომიკურმა ზრდამ, მოსახლეობას ცხოვრების დონე ვერ აამაღლა.

„ორწლიანი ეკონომიკური ზრდა, არასოდეს არაფერს არ დაეტყობა. იმისთვის, რომ სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემები დაიძლიოს, 1 და 2 წელი არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა მრავალი წელი. საქართველო ამის კარგი მაგალითია. გვქონია პერიოდი, როდესაც ეკონომიკური ზრდა ყოფილა, მაგრამ სოციალური პრობლემები არ დაძლეულა, ამიტომ საჭიროა, რომ ჩავარდნების გარეშე 5-10 წელი გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენთან იმხელა სიღარიბე და უმუშევრობის მაჩვენებელია, რომ მის მოგვარებას მრავალი წელი დასჭირდება“, - დასძინა ხორგუაშვილმა.

ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×