
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საქართველოში თუ ვინმეს ფინანსები არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეო“ სექტორი, რადგანაც ეს არის სექტორი, სადაც უზარმაზარი ფული იხარჯება.
„4 ყველაზე მდიდარი ენჯეო უფრო მეტს იღებს და ხარჯავს წლის განმავლობაში, ვიდრე მთელი პოლიტიკური პარტიები ერთად აღებული. ამ დროს, რაში იხარჯება ან რამდენად მიზნების შესაბამისად იხარჯება, ამაზე არ არსებობს არანაირი ცნობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ენჯეო სექტორი პარალელურად თავს პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს“, - განაცხადა სუბარმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ქვეყანაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს უკვე მიმართა.