
ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის კონტრშეტევის წარმატების სჯერა , - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ ამ კონტრშეტევაში", - განაცხადა მან
მისივე თქმით, აშშ თვლის, რომ დიდი ხნის ნანატრი უკრაინის კონტრშეტევა გამოიწვევს "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის" დაბრუნებას და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები "უზარმაზარ გავლენას" მოახდენს მომავალ მოლაპარაკებებზე.
"მაგრამ მე ვიტყვი ამას: თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიური გზით დასრულდება", - თქვა სალივანმა
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა კონტრშეტევა წამოიწყოს. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება და მაღალი ფასი ექნება.