
ისრაელის ქალაქ თელ ავივში ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
დასავლური მედიის შეფასებით, ისრაელის სამთავრობო გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, პოლიტიკოსებს უფრო დიდ ძალაუფლებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევისას და შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას კანონმდებლობის გასაუქმებლად. მთავრობა აცხადებს, რომ ცვლილებები საჭიროა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად.
ისრაელი პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა გადაედო სასამართლო რეფორმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მიზნით. გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ, სადავო გეგმაზე კვლავ აქტიური დისკუსიები განახლდა და ისრაელის რელიგიურ-ნაციონალისტურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ცვლილებების განხორციელებისთვის.
ისრაელის პრეზიდენტი, რომლის როლი ძირითადად ცერემონიულია, შუამავლობს მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც აქამდე უშედეგოა.