
3 ივნისს ბათუმში აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 3 კვლავ პატიმრობაში რჩება. 3 არასრულწლოვანი კი პოლიციამ გუშინვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო ენმ-ს წევრები, მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
აქცია ბათუმში ერას მოედანზე თბილისში ბანერების გამო დაკავებულების მხარდასაჭერად გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებს ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა, ზოგს კი ბანერზე ეწერა - Говорит Москва.
დაკავებულთა შორის იყო ლუკა ნაცვლიშვილიც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სკოლაში, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა ჩამოხია. ნაცვლიშვილის თქმით, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა.
"აქციის მიწურულს პოლიცია მოვიდა და მითხრა, რომ ბანერები, ზუსტად ისეთივე, როგორიც თბილისში ჰქონდათ, მოგვეშორებინა იქიდან, რადგან შეურაცხმყოფელი იყო. შემდეგ, როცა არ დავემორჩილეთ და ბანერები არ ჩამოვწიეთ გამოგვართვეს, დაიწყეს ჩვენი დარბევა, ძალიან აგრესიულად დაკავება", - თქვა ნაცვლიშვილმა.
ბათუმში დაკავებულების სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.