
საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2023 წელსაც შთამბეჭდავად განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი, გასული თვეების გარდა, აპრილშიც დაფიქსირდა. აღებული სტარტისგან გადახრა კარგა ხანია არ მომხდარა და როგორც სავარაუდოა, არც მოხდება. ეკონომისტების მოლოდინი კი საკმაოდ პოზიტიურია.
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა.
აპრილში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 10,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.1%-ით მეტია.
2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.
ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს ეკონომიკამ ზრდის ტემპი წესით არ უნდა დააგდოს, თუკი რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები არ გამოჩნდება. ჯერჯერობით კი ასეთი არ იკვეთება.
„საქართველოს 2021-22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. 2023 წელს იგივეს კიდევ ერთხელ გამეორება საკმაოდ რთული მისაღწევია, თუმცა ფაქტია, რომძალიან კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ასევე გასათვალისწიებელია, რომ წინ ტურისტული სეზონი გვაქვს და სხვა აქტიურობები, რამაც წესით არ უნდა დააგდოს ეკონომიკური ზრდის ტემპი.
იმედი მაქვს, რომ 7.5%-8% იქნება ის მაჩვენებელი, რომელსაც საქართველო წელს ნამდვილად შეასრულებსს და შესაძლოა, გადააჭარბოს კიდეც. აღებული ტემპის შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პერიოდი, გარკვეული სირთულეები, რომელიც მიტინგებსა და ქაოსში გადაიზარდოს - ხდება ხოლმე ასე ხანდახან. თუმცა, ჯერ არც ამის ნიშნები იეკვეთება.
პარალელურად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომი, თუკი რაიმე ახალი განსაკუთრბული ფაზები არ შეემატება ამ პროცესებს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მშპ-ს მაჩვენებელი როგორც მინიმუმ, შენარჩუნდება“, - აღნიშნა ჭარაიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ არსებული მღალი მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თანაც განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, რაც საბოლოოდ ეკონომიკაზე მოქმედებს. რა იქნება წლის ბოლოს ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია ვარაუდი, რომ ზრდა ორნიშნა თუ არა, მასთან მიახლოებული მაინც იქნება.
ასეთ ოპტიმიზმს იზიარებენ საქართველოს ეროვნული ბანკში. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით მალე გადაიხედოს.
"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი უკვე გადაიხედება გაზრდის კუთხით. მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზს. მშპ-ში ვითვალისწინებთ ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე", - განაცხადა ლეჟავამ.
ფაქტია, რომ 2023 წელს ეკონომიკამ კარგი სტარტი აიღო და მოლოდინი იმის შესახებ, რომ წელს ტემპი ასეთი შესამჩნევი არ იქნებოდა გაქარწყლდა. არსებული ოპტიმისტური შედეგები ქეყანას ძალიან წაადგება და კიდევ უფრო წინ წასწევს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, არსებული მდგომარეობა და სიტუაცია საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ წლის ბოლოს მაღალი შედეგები მივიღოთ.
„ზრდა, რაც 2023 წელს გვაქვს მართლაც შესამჩნევია და ის შედეგები, რაც უკვე დაფიქსირდა ძალიან კარგია. ეს უკვე ნიშნავს, რომ რა შედეგიც შარშან გვქონდა, დაახლოებით იმ ფარგლებში იმოძრავებს მაჩვენებელები, რაც თავისთავად ნიშნავს უფრო დიდ ეკონომიკას, ვიდრე 2022 წელს იყო.
აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია მშენებლობის დარგში, სატრანსპოტო სფეროში, რაც მოსალოდნელიც იყო ომის გამო. ამის გარდა, შეინიშნება ფინანსური სექტორის წარმატება და სხვა რამდენიმე დარგის გაძლიერებაც, რაც გვაძლევს ოპტიმისტურ შედეგებს და მომავლის იმედს. სრულიად შესაძლებელია, რომ უცხოური ინვესტიციები იყოს ბევრი, ისევე როგორც შარშან. ის, რაც ახლა გვაქვს არის ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა, მაღალი შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნა სილაგაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. გადაწყვეტილება 10 მაისს გამოქვეყნდა. მანამდე სებ-ი 4%-იან მაჩვენებელს ვარაუდობდა.
ამასთან, სებ-ი მოელის რომ საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში ინფლაცია 3%-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს.