
ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ - ოპოზიციური არხებიც, - ასე შეაფასა ვახტანგ გომელაურმა კრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.
„საერთაშორისო პარტნიორებმა ვინ რა თქვა, არ ვიცი, თუმცა არიან ამოფარებულნი ჩვენი მეგობრების ნიღაბქვეშ და ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. რაც ილაპარაკა, ვუსმინე ბატონ პრემიერ-მინისტრს. ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო. მგონი პირველად არ გაუჟღერებია არავის, თვით ბატონი ზელენსკიც ამბობდა მაგას, რომ ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ ბატონმა ირაკლიმ პირველად თქვა. ასე შეფუთეს სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები. ჭიანჭველაისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ ოპოზიციური არხებიც", - აღნიშნა გომელაურმა.