
მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო [რუსეთის] ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე, ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას.
„ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არც პოლიტიკურ და არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა თანხმობა და თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მხრიდან. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს, ეს არის ჩვენ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის მოქალაქეებს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ჩვენ არ ვაპირებთ.
გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო ელემენტარული სტატისტიკა. 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, დღეში 700 მილიონი ევრო. რაც არის ევროკავშირის ბრუნვა ოთხი დღის განმავლობაში, იმას ვაჭრობს საქართველო რუსეთთან. ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე. თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით არც დე ფაქტო არც სხვამ რეალური სანქციების დაწესებით არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას", - აღნიშნა მდინარაძემ.