წელს საქართველო დიდ მოსავალს ელოდება და მთავრობამ იმპორტული ფქვილის დაბეგვრა, ძირითადად, ამის გამო გადაწყვიტა
ქეთო გოგოხია
29.05.2023

პურის მწარმოებლებს საქმიანობის გაგრძელება ახალ რეალობაში მოუწევთ. 1 ტონა ფქვილის იმპორტისთვის გადასახადი 200 ლარი დაწესდება, რაც 1 ტომარა ფქვილს 12 ლარით გააძვირებს, თუმცა პურის ფასი შენარჩუნდება. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მთავრობამ რეალურად ასეთი გამოსავალი მოძებნა, მაგრამ გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილი არც ერთი მხარე არ არის - არც მეხორბლეები და ასევე პურის მწარმოებლებიც, რომლებსაც ხარჯი გაეზარდათ. ბოლომდე პრობლემა ვერც ხორბლის მწარმოებლებს მოუგვარდათ.

საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გუშინ მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდესს პურის ფასი, მეორე მხრივ კი, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა. რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად უნდა დააბინაონ.

შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მხარეები ადასტურებენ, რომ  მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ სექტორმა დათმო, რის პარალელურადაც შესაძლებელია შეღავათი ამ დარგსაც გაეწიოს გადასახადების კუთხით, რაც პურის წარმოებისას თვითღირებულებას ზრდის.

,,ხორბლის წარმოებით დავიწყოთ, შარშან მოსავალი 150 000 ტონა იყო და წელს  მოსალოდნელია 200 000 ტონამდე გაიზრდოს. საქართველოსთვის ამბიციური მაჩვენებელია. აქამდე მოხმარების 15%-ს ვაკმაყოფილებდით. მოხმარებისთვის ქვეყანას სჭირდება 600 000  ტონა სასურსათო ხორბალი. ევროპამ გამოგვიცახდა, რომ სასურსათო უსაფრთოებისთვის მოვემზადოთ. ამან სექტორი წაახალისა და კარგი შედეგიც მიიღეს.

დადგა მეორე საკითხი, რამდენად ხარისხიანია მოსავალი. ამერიკელებსაც ვთხოვეთ დამხარება სათესლე მასალასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხარისხიანობა გაუმჯობესდეს. ფაქტია, რომ ხორბალი უნდა გადამუშავდეს. ამ დროს კი დიდი რაოდენობით ფქვილი შემოვიდა რუსეთიდან და გაიაფება გამოიწვია. მცხობელისთვის ამით იდეალური მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ხორბლის გადამამუშავებელი მრეწველობა დაზარალდა.

ყოველთვის გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოოთ ფქვილი, ამ დროს ელექტროენერგია 27 თეთრიდან 33 თეთრი გახდა, ბუნებრივი აირი  86 თეთრიდან 1,40-მდე გვიძვირდა, 6,50 ლარი გახდა 1 ტონა წყლის გადასახადი. ეს ყველაფერი წარმოებაზე აისახება. მოკლედ, თვითღირებულება გაიზარდა.

ახლა ითხოვენ დავთმოთ ცოტა-ცოტა ორივე მხარემ და გადამამუშავებელი დარგი ვამუშაოთ. ხელოვნურად მიდის ეს სიტუაცია, თუ უნდათ რეალური შედეგი, საგადასახადო შეღავათზე უნდა დაიწყონ ფიქრი. გვესმის, რომ ხორბლის წარმოებას უნდა დავეხმაროთ, თანახმა ვართ, მოვიკლოთ მოგება, მაგრამ შეღავათი ჩვენც უნდა გაგვიწიონ“, - აღნიშნა მალხაზ დოლიზემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება პურის ფასს, მისი ინფორმაციით შენარჩუნდება, თუმცა რა მოხდება 5 თვის შემდეგ, ამას სიტუაცია აჩვენებს. ჯერჯერობით ვარაუდი ნაადრევია.

,,5 თვის განმავლობაში გამოჩნდება, რა იქნება შემდეგში, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება და იმპორტისთვის გარკვეული გადასახადი დაწესდება, თუმცა ფქვილი არ დაიბეგრება, ეს არის იმპორტის დროებითი საფასური, რაც ყველა შემომტანმა უნდა გადაიხადოს.

მესმის, ორივე მხარე იმუშაოს, მაგრამ ეს რეალურად რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების უარყოფაა. ამაზეც თანახმა ვართ. 12 ლარით გაგვიძვირდება 1 ტომარა ფქვილი, ეს ის მაჩვენებელია, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. არის პირობა, რომ მთავარი სოციალური პროდუქტი არ გაუძვირდეს მოსახლეობას. ამუშავდება ხორბლის გადამამუშავებელი წარმოება, რაც კარგია, მაგრამ რის ხარჯზე, ესეც უნდა ითქვას“, - დასძინა მალხაზ დოლიძემ.

როგორც აღმოჩნდა, მეხორბლეებისთის შეღავათია იმ მხრივ, რომ პროდუქტს თვითღირებულების ფასში გაყიდიან, ანუ 70 თეთრად, თუმცა საფურაჟე ხორბლის მიმართულებაში პრობლემა მაინც რჩება, რაზეც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე  ნიკოლოზ ბენიაიძე საუბრობს.

,,სასურსათო ხორბლისთვის კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან თვითღირებულებაში მაინც გავყიდით მოსავალს, რაც შეეხება საფურაჟე ხორბალს, ქერს და სიმინდს, პრობლემა რჩება. ამიტომ ეს საკიტხიც როგორმე უნდა მოგვარდეს. დღესდღეობით როგორც ფქვილია გადასახადისგან თავისუფალი, ასევეა დაღერღილი მარცვლეულიც, ამიტომ ფასები მაინც დაბალი გამოდის.

მოსალოდნელი ცვლილებით, რაც დაბეგვრის რეჟიმს უკავშირდება, თვითღირებულებას ვუახლოდვდებით, ეს არის 70 თეთრი, მოსავალს ამაზე მეტად ვერ გავყიდით. სარგებელი არ არის, მაგრამ დასაწყისისთვის მისაღებია. დაღერღილი მარცვლეულიც უნდა დაიბეგროს, ასე თუ არ მოხდება, ნახევარი გასაყიდი დაგვრჩება.

რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, პური არ გაძვირდება, წისქვილები ამუშავდება და მიაწვდიან  უკვე საცხობებს იმ ფასად, რომ ჩვენ 70 თეთრი გადაგვიხადონ, ამის პირობა გამოიკვეთა. ცხადია, ყველა ხორბალი არ არის სასურსათო, ამ დროს ერთნაირი მოვლა სჭირდება. აქაც ვითხოვთ დახმარებას, რომ თვითღირებულებაში შევძლოთ საფურაჟე ხორბლის რეალიზაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა უფრო დეტალურად საუბრობს რა გაძვირდება და რომელი წარმოების პურზე შენარჩუნდება ფასი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო წისქვილების მუშაობა და ადგილობრივი ხორბლის მიღება, რაც მემარცვლე ფერმერებს უჩენს მოტივაციას, სამომავლოდ ისევ მოიყვანონ ხორბალი. პურის ფასი კი დაზღვეულია. ქარხნებისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარის ფარგლებში იქნება. იგი სწორად ჯდება კალკულაციაში, რომ პური არ გაძვირდეს და ამასთან, წისქვილებმა შეძლონ მუშაობა.

თავისთავად ცხადია, რომ სხვა პურპროდუქტებზე ფასის მოიმატებს, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისიდან შევა. იქამდე ფქვილი შემოდის და საკმაოდ დაბალ ფასად, ბაზარი ისედაც გაჯერებულია და მარაგის გაკეთება მათ კიდევ შეუძლიათ. არ მგონია, რომ დრამატულად რაიმე გაძვირდეს, თანაც  ეს არ იქნება  პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია. ტორტი, ნამცხვარი, ავსტრიული და გერმანული პური პირველადი დანიშნულების ვერ იქნება. მხოლოდ ამაზე იქნება მცირე გაძვირება", - განაცხადა ლევან სილაგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×