
ეროვნული ვალუტის მერყეობა გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ შეცვლილი ტენდენცია, დღემდე ძალაშია და საბოლოოდ, 11 პუნქტით გაუფასურებული ლარი მივიღეთ. ამის კვალდაკვად საინტერესოა, ხომ არ ემუქრება პროდუქციას გაძვირება, თანაც მაშინ, როდესაც პრემიერის მოწოდების შემდეგ, ფასების შემცირება უნდა მიგვეღო. რეალურად, დღეს არანაირი გაიაფება არ არსებობს.
დიდხნიანი გამყარების ტენდენცია 3 კვირის წინ დაირღვა და ახლა კურსი ყოველდღიურად ირყევა ანდა უფასურდება.
„ბლუმბერგის” სავაჭრო პლატროფრმით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვანახავთ, რომ 9 მაისს ერთი ლარი 2.4750 ამერიკული დოლარი ღირდა. მხოლოდ ერთ დღეში, კურსი უკვე 11 პუნქტით გაუფასურდა და 10 მაისს მაჩვენებელი 2.58 ნიშნულამდე დაეცა. 11 მაისს 6-თეთრიანი გამყარება მივიღეთ და კურსი 2.52-ზე ჩამოვიდა. ასეთი რყევები გაგრძელდა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. გუშინ, „ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ერთმა ლარმა 2.58 დოლარი შეადგინა.
ასეთი გაუფასურება და მერყეობა ბიზნესში არასტაბილურობის განცდას იწვევს, ამიტომ ხომ არ ექმურება პროდუქციას გაძვირება. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, ასეთი რამ ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.
„ლარის კურსის გაუფასურება პროდუქციის ფასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მკვეთრად იყო გამყარებული და ლამის 2.45-ზე იყო ჩამოსული, ახლა თითქმის 2.60-ია. ამ გარემოებას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და იმპორტიორი კომპანიები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
უახლოეს პერიოდში არ ველოდებით ფასების ცვლილებას და არც ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ჭყონიამ.
ლარის მკვეთრად გაუფასურების შემდეგ ითქვა, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არის არის. მას შემდეგ კურსი უფასურდება და რყევას განიცდის. ასე გაგრძელდა მთელი მაისის განმავლობაში.
ამ შედეგამდე დიდი ხნით ადრე, პრემიერმა ბიზნესს ფასების შემცირებიკენ მოუწოდა, თუმცა მომხმარებელმა მხოლოდ გახშირებული აქციები მიიღო და პროდუქციის რეალური გაიაფება არ მომხდარა. ეკონომისტები ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესი თავის ნებაზე მიშვებული და თუ მათ სიძვირის საშუალება ეძლევათ, პროდუქციაზე მაღალ ფას დააწესებენ კიდეც.
როგორც ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, საქართველოში დაბალი კონკურენცია და და სუსტი რეგულაციებია, რაც ბიზნესს იმის საშუალებას აძლევს, რომ პროდუქცია იმაზე ძვირად გაყიდოს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებშია.
„დავიწყოთ იმით, რომ ლარი ეროვნულმა ბანკმა გააუფასურა. არნახული ოდენობის დოლარი შეისყიდა. წლის მანძილზე არ ყიდულობს ამდენ დოლარს, რამდენიც წინა თვეში შეისყიდა.
რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, პირველად არ ხდება ასეთი რამ. ბევრად განვითარებულ ქვეყნებს და მათი ბაზრებს რომ დავაკვირდეთ, სადაც გადასახადები 2-3-ჯერ მაღალია, ვნახავთ, რომ პროდუქციის ფასები, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ევროპის სუპერმარკეტებში. ამას იწვევს ორი რამ: პირველი - დაბალი კონკურენცია და მეორე - ძალიან სუსტი სახელმწიფო. სამწუხაროდ, ჩვენთან ორივეა. კონკურენცია ძალიან დაბალია, რაც ხშირად იმით არის ხელშეწყობილი, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები თუ სტრუქტურები ვიღაცებს პრივილეგიას ანიჭებენ და მათ კონკურენტებს ბაზარზე შემოსვლას უზღუდავენ.
სუსტ სახელმწიფოში კი აბსოლუტურად სუსტი რეგულაციები იგულისხმება. ბიზნესმენები ისე ექცევიან სახელმწიფოს და კანონს ისე არღვევენ, ფიზიკურმა პირმა რომ მსგავსი რამ მოიქმედოს, დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ კიდეც.
კონკურენციის სააგენტოს შექნის დღიდან არავინ დაუჯარიმებია. სააგენტო როდესაც ახალი შექმნილი იყო, ნავთობიმპორტიორები ვითომ დააჯარიმა, მაგრამ შემდეგ გააუქმა. რისთვის ვაფინანსებს ასეთ ორგანოს? ან ეკონომიკის სამინიტროს ფუნქცია რა არის? როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები სუსტია, ბიზნესი თავის ნებაზე იმოქმედებს.
ბიზნესმენი გიჟი უნდა იყოს, თუ მას საშუალება აქვს, რომ პროდუქცია თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტად გაყიდოს და ეს არ გააკეთოს. ასეთი ქმედეების ჩადენის რაც უფრო მეტი საშუალება ექნება ბიზნესს, მით მეტს განახორციელებს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ შედეგის მიღება თუ გვინდა, მაშინ სახელმწიფო თავის ადგილზე უნდა იდგეს.
„ასეთი განცხადებებიც გაისმის ხოლმე, რომ ბიზნესს გადასახადები შეუმცირდეს და შემდეგ პროდუქცია გაიაფდება. ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს. როგორ შეიძლება საქართველო გადასახადების სიმცირით ტოპ 15-ში იყოს და პროდუქცია ღირდეს იმაზე ძვირი, ვიდრე ვთქვათ შვედეთში, ფინეთში და სკანდინავიაშია, ამ ქვეყნებში 3-4-ჯერ უფრო მეტია გადასახადები.
თუ გვინდა, რომ რამე შედეგი მივიღოთ, სახელმწიფო უნდა იდგეს თავის ადგილზე. მე, ფიზიკურმა პირმა, რომ კანონი დავარღვიო, არავინ შემარჩენს და დამიჭერენ, მაგრამ რატომღაც ბობოლა ბიზნესმენებს ეპატიებათ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიის მანძილზე ნორმალური კონკურენცია არ ყოფილა და ბიზნეს უმეტესად აკეთებს ის, ვინც მთავრობასთან დაახლოებულია.
სახელმწიფო, რომელიც რაიმე სექტორის რეგულირებას იწყებს, ამ სექტორს კი არ უნდა ჰკითხოს აზრი, არამედ ხალხთან უნდა ისაუბროს. შრომის კოდექსის არ იყოს, აზრს ბიზნესმენებს ეკითხებიან და დასაქმებულს, ვისთვისაც ამ კოდექს ქმნიან, არ უსმენენ“, - დასძინა მერაბ ჯანიაშვილმა.
ფაქტია, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტების გაიაფების პირობა ძნელად სრულდება. ვერც დისტრიბუცია და ვერც სავაჭრო ქსელები ფასებს ვერ თმობენ. ღირებულების კლება მხოლოდ აქციის ფარგლებშია, ასეთია შედეგი პრემიერ-მინისტრის მოწოდებიდან სამ თვის თავზე. ვითარება რეალობას იმდენად მოწყვეტილია, რომ მას მხოლოდ კანონი თუ დაარეგულირებს და ახლა სწორედ შესაბამის კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. სააქციო ფასდაკლება ერთ დღესაც რომ შეწყდეს, მოსახლეობას არანორმალურად გაძვირებული პროდუქტი შერჩება ხელში.