რეზონანსი
03.04.2023

კიდევ უნდა გავასამართლოთ „ნაციონალური მოძრაობა" იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა 15 წლის წინ და „ქართულ ოცნებას" რუსულ ჭაობში ჩავათრევინოთ ქვეყანა? , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა. მან ამით უპასუხა კითხვას, მიიღებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი" 9 აპრილის აქციაში მონაწილეობას.

მანჯგალაძის თქმით, „ხელისუფლების სურვილია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ბარიერები აღიმართოს".

„ეს არის პროპაგანდა, რადგან ხელისუფლებამ ნეიტრალური სივრცე არ დატოვოს და ყველაფერი გადაიტანოს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" დაპირისპირებაში. ჩვენ უარს ვამბობთ, ვინმეს რამეში დადანაშაულებაზე. მგონია, რომ ეს არასწორია. რა საფრთხეებიც არსებობს, ეს გავიაზროთ. ყველასთვის უნდა არსებობდეს ერთი დიდი პარტია და ეს არის საქართველო.

ახლა კიდევ უნდა გავასამართლოთ „ნაციონალური მოძრაობა" იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა 15 წლის წინ და „ქართულ ოცნებას" რუსულ ჭაობში ჩავათრევინოთ ქვეყანა? „ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ფასი გადაიხადა და სამართლებრივიც. ყველა ლიდერი, ვინც იყო ყველამ პასუხი აგო, კიდევ რას ვითხოვთ? მთავარი საკითხი არის საქართველო და ჩვენ თუ ერთმანეთს ბარიერებს მოვუწყობთ, ვერასდროს შევძლებთ „ქართული ოცნების" დამარცხებას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუზეც ისაუბრა.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებელს" დავით კეზერაშვილისგან ფინანსური დახმარება არ მიუღია.

„ინტერვიუში დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ პარტიები მოდიან ჩემთან და დაფინანსებას მთხოვენო. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" არ მიგვიღია და არც არის შესაძლებელი ასეთი დაფინანსების მიღება, რადგან 2 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურში პარტიული შემოწირულებების ანგარიშს წარვადგენთ. არალეგალური შემოწირულება, რომ გამოჩნდეს თეორიულად, გამორიცხულია, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადავა. არც ფორმალურად და არც არაფორმალურად არ გვაქვს შეხება, უბრალოდ, თავის მართლება რატომ გვიწევს? ადამიანმა თქვა, რომ ბევრ ვინმეს დავხმარებივარ. რა იგულისხმება ამ დახმარებაში, ეს სხვა საკითხია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×