ელზა პაპოშვილი
17.02.2023

მამაკაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს დანით ავტობუსში ყელი გამოჭრა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის. 

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თქვა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნა და დაპატიმრებული გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. ამის შემდეგ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.   

მკვლელობა თბილისში 2022 წლის  21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. შემთხვევას ასევე ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა ქალის დახმარება ვერავინ შეძლო. თვითმხილველები ყვებიან, რომ კაცი იმდენად უკონტროლო იყო, რომ დანით მათაც დახოცავდა. 

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის, რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

როგორც მოკლული ქალის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მისივე თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და აპირებს, რომ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართოს. ხათუნა ნაჭყებია ამბობს, რომ მისი სიძე ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო და მეუღლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.

„როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხადი იყოს, როცა ის ცოლს კლავს, ამ დროს შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. შეურაცხადისთვის ამ დროს ხომ სულ ერთია, ცოლია თუ შვილი? ამაზე პასუხი გამცეს ადვოკატმა. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ [ავტობუსში] სხვებს რატომ არ დაერია? იქ ჩემი უფროსი ქალიშვილიც იყო თავისი შვილებით. არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო! იმ ღამით, როდესაც მე მათთან სტუმრად ვიყავი, ის ძალიან ჩუმად იყო, რაც არ სჩვეოდა. სიტყვა არ უთქვამს. ვიკითხე კიდევაც, რატომ არის ასე ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაუხარდა-მეთქი? რაღაცნაირ ეჭვებს რომ აჩენს, ისე იყო ჩუმად. მას ეს დაგეგმილი ჰქონდა,“ - აცხადებს ხათუნა ნაჭყებია.

მისივე თქმით, მომხდარის დღეს სახლიდან გასვლამდე მისმა სიძემ ცოლისდას ჩანთაში დანა ჩაუდო, რომელიც შემდგომ ავტობუსში გამოართვა და მკვლელობა ჩაიდინა. მან ასევე ისაუბრა, როინ მებონიას მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ამის შემდეგ კი დედამ და ბიძამ, თავიდან მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. რატომ? ხომ დაიდო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ახლა უკვე მე ყველანაირად შევეცდები საქმეს მსვლელობა თავიდან მიეცეს“, - განაცხადა ხათუნა ნაჭყებიამ.  

ბრალდებულის ადვოკატ სულხან კომახიძის განცხადებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად როინ მებონიას 20 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. როგორც კომახიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როინ მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენისას ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა.

„უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმე საერთოდ და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. გავასაჩივრებთ და ხელახალი ექსპერტიზის გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ - თქვა დაკავებულის ადვოკატმა.  

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა, მსჯავრდებულ როინ მებონიას მიმართ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ის მტკიცებულები, რაც სასამართლოში წარვადგინეთ და ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის, ყველა დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მის შეურაცხადობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს მიერ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, მას სასჯელი დაუნიშნა 20 წლის ვადით, რომლის საწყის ეტაპზე ის მოთავსდება იძულებითი მკურნალობის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში და ამ საფუძვლების ამოწურვის შემდგომ სასჯელის მოხდას გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×