ელზა პაპოშვილი
15.02.2023

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უმძიმესი დანაშაული კი გამოძიების მტკიცებით ახალგაზრდა მამაკაცმა 2022 წლის პირველ ივლისს ჩაიდინა. ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ადგილობრივებმა ქალის შემზარავი ყვირილის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულ მეზობლებს ხმა 36 წლის თინათინ ტურაბელიძის საცხოვრებელი სახლიდან ესმოდათ.   

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და იქ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის ქმარს იყო გაშორებული, თუმცა, მამაკაცი შვილის წასაყვანად ქალთან მიდიოდა. მეზობლებმა კარის შეტეხვა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდათ. ამიტომ ერთ-ერთმა მოქმედმა პოლიციელმა, კოლეგების მისვლამდე დამნაშავე გარედან ჩაკეტა და მას გამოსვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს და პოლიციას კი საზარელი სურათი დახვდათ. 36 წლის თინათინ ტურაბელიძე ყოფლი ქმრის მიერ იყო მოკლული.   

„რამდენიმე ხნის გადმოსული იყო ჩვენს მეზობლად და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან კარგი გოგო და სააოცარი დედა იყო. ვიცოდით, რომ ქმარს იყო გაცილებული. ბიჭი, როგორც ვიცით შვილის სანახავად მოდიოდა. ამბობენ, რომ დავა ბავშვის გამო ჰქონდათ. რაზე ვერ რიგდებოდნენ, არ ვიცით. მკვლელობის დღეს ცოლთან დასალაპარაკებლად მისულა. ბავშვი კი სახლში არ იყო. ალბათ იფიქრა რას მიზამს დაველაპარაკებიო და სახლში შეუშვა. ჩხუბის და კამათის ხმა არ გაგვიგია, მაგრამ გოგოს განწირული კივილის ხმა გავიგეთ. გამოვვარდით გარეთ, თუმცა, ვერაფერი შევძელით. ფაქტიურად ყელი გამოჭრა. მეზობელი გვყავს პოლიციელი და იმან კარი გარედან ჩაუკეტა. მაშველები და სამართალდამცველები რომ მოვიდნენ, მაშინ დააკავეს. სახლში იყო ასე მოკლულ გოგოსთან ერთად“,-უყვება „რეზონანს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.    

პროკურატურის ინფორმაციით კი მსჯავრდებულმა ყოფილ მეუღლეს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 1 ივლისს, ქ.ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×