ელზა პაპოშვილი
12.02.2023

რა გახდა მარტყოფში ნათესავებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, ადგილობრივებს საუბარი ამ დრომდე უჭირთ. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილი მისივე ბავშვობის მეგობარმა და ნათესავმა ნიკა სახლთხუციშვილმა ცეცხლსასროლი იარაღთ მოკლა. შემთხვევა მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელი მეგობარს გვიან ღამით დაუკავშირდა და ეკლესიასთან, სოფლის ცენტრში შეხვედრა სთხოვა. ის ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილით ჩასაფრებული ელოდებოდა. ადგილზე მისულს კი 5 ტყვია ესროლა. 

გოჩა ჯერენაშვილი ადგილზევე დაიღუპა და მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო. რა გახდა ამ საზარელი მკვლელობის მოტივი, უცნობია. ადგილობრივებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით,  მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. ერთ-ერთი ვერსიით, მკლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ადგილობრივები დამატებით კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.  

„გასროლის ხმა ღამის 12 საათზე გავიგეთ. გარეთ გამოსულებს კი საზარელი სურათი დაგვხვდა. 34 წლის ბიჭი ეკლესიასთან იყო წაქცეული და სისხლად იცლებოდა. მისი ნათესავი, ასევე 34 წლის ბიჭი კი ავტომობილით გაიქცა. 

„ძალიან კარგი ბიჭი იყო, სპორტსმენი, ადრე ჭიდაობდა და საოცარი ადამიანი. არ ვიცი რა უნდა დაეშევებინა ნათესავისთვის და ბავშვობის მეგობრისთვის ისეთი, რომ მოსაკლავად გაიმეტა. ის არის გასაკვირი, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. 

„გოჩა სახლში იყო, რომ დაურეკა და უთხრა - სოფლის ცენტრში მოდიო. როგორც ამბობენ, მკვლელობამდეც ერთად ყოფილან. იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რომ მკვლელობის მიზეზი ყოფილიყო. როგორც ამბობენ, ნიკას  გარკვეული სახის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამის ფონზე მას რაღაც მოეჩვენა. სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვფიქრობთ. შემთხვევის ადგილიდან ჯერ გაიქცა, მერე კი ერთ საათში პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.

საქართველოს პროკურატურამ კი 11 თებერვალს  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.           

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×