ელზა პაპოშვილი
10.02.2023

 სისხლიანი გარჩევა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარმა მეგობარმა მიაყენა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ასევე 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა ესროლა.

არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ 5-მდე გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე გასულებს კი მათი მეზობელი მძიმედ დაჭრილი დახვდათ. სასწრაფო დახმარების მოსვლისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

„რამდენიმე გასროლის ხმა გვიან ღამით, დაახლოებით 12 საათზე გავიგეთ. რაც ვიცით ისაა, რომ ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარი გოჩა ჯერენაშვილი სოფლის ცენტრში დაიბარა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კი მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გარეთ გამოსულ მეზობლებს ის უკვე გარაცვლილი დახვდა. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდა მათ შორის, რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი. არავინ არაფერი არ იცის. მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის დილით პოლიციას თავად ჩაბარდა", - ყვება „რეზონანსთან" ადგილობრივი.

ამ დროისთვის ნიკა სახლთხუციშვილი ვაზიანის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიმდინარეობს დაკითხვა. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მკვლელობას ედავება, ბრალი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, პროკურატურას ამისთვის 48-საათიანი ვადა აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×