ნაზი ბერიძე
09.02.2023

 ბადრი ესებუა შეიძლება თბილისში გადმოიყვანონ - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ავრცელებს. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს რომ მას საქართველოს ბანკის თავდასხმის საქმესთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ჯანაშიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მასალები არასაკმარისი და არადამაჯერებელია, თანაც ნივთმტკიცების სახით არანაირი თანხა არ არის ამოღებული.

„თბილისში გადაყვანასთან დაკავშირებით ჩემთვის ეს ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი და ვერ ვხვდები მიზანი თბილისში გადაყვანის რა უნდა იყოს. გამოძიებას რა საქმეც აქვს წარმართული სასამართლოში, იქ თანხაზე საუბარი არ არის, არც ყოფილა არანაირი თანხა ამოღებული, არც მისი ოჯახიდან და არცერთი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით," - თქვა ჯანაშიამ.

როგორც ადვოკატი ამბობს ბადრი ესებუა სულ საქართველოში იყო და მისი ფარგლები არ დაუტოვებია. უცნაურ განმარტებას აკეთებს ადვოკატი ესებუას მიმალვაზე.

„ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და „ენადირათ" ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო. როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა," - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თანხასთან დაკავშირებით ესებუასთვის არაფერი უკითხავს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბანკის ყაჩაღობასთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს დაესწრება.

„ბრალდებული სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება, მისი ინტერესიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა უსამართლოდ არის გასამართლებული, დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით. რაც შეეხება, იარაღს, რომელიც ამოიღეს სამართალდამცავებმა ჯიქიების ოჯახში მისი დაკავების დროს, როგორც განმიმარტა, ეს სპორტული იარაღია და მისია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სჭირდებოდა თავის დასაცავად," - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, ის ამჯერად ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×