რეზონანსი
30.01.2023

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აქვს კლინიკური კახექსიის გამოვლინება.

როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სააკაშვილს წონის 39.3% აქვს დაკარგული.

„პაციენტი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით არის მძიმე. ტერმინ „მძიმეში" ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი - იმის გამო, რომ პაციენტის წონის კლება მიდის ინტენსიურად, ადგილი აქვს ფაღარათს, გულისრევას და მთელ რიგ კლინიკურ სიმპტომებს, შესაძლებელია, განვითარდეს მალაბსორბცია და კახექსია. 28 ნოემბერს გამოცემულ დასკვნაში მხოლო და მხოლოდ ამ ფორმით და ამ დოზით იყო ეს ორი ტერმინი გამოყენებული. ჩვენ გამოვთქვით ეჭვი და შევაფასეთ რისკი, რომ თუკი ასეთი წონის კლება გაგრძელდებოდა, შესაძლებელია, განვითარებულიყო მალაბსორბცია და მალაბსორბციის შედეგად კახექსია. გავიდა ორი თვე და მოგვეცა საშუალება გავცნობოდით 12 დეკემბრიდან- 18 იანვრის ჩათვლით სამედიცინო ჩანაწერებს, რის საფუძველზეც, 28 ნოემბრის დასკვნებში დავამატეთ 2 ახალი პუნქტი და ზოგიერთი დასკვნა გავაფართოვეთ. ნამდვილად, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან. როცა ის მოხვდა ციხეში, მისი წონა იყო 115 კგ, დღეს პაციენტის წონა არის 69 კგ, წონის განსხვავება არის 45 კგ. ეს 45 კგ საწყისი წონის 39.3%-ია. რატომ იკლებს პაციენტი წონაში, დღეს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დადგა ფაქტი, როცა ჩვენ გვაქვს წონის ისეთი ხარისხის კლება, რომელსაც ავტომატურად ეწოდება კახექსია, მძიმე კახექსია.

ყველა გაიდლაინით წონის 30%-ზე მეტის კლება არის კახექსია. არ აქვს მნიშვნელობა სჯა-ბაასს, ჩვენ გვაქვს ნამდვილად კახექსიური მდგომარეობა!" - განაცხადა ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, ის ვერ ჭამს თუ არ ჭამს? ენდოკრინოლოგმა უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„არ აქვს მნიშვნელობა არ ჭამს თუ ვერ ჭამს. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება, მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია", - განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×