რუსეთის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა
გვანცა წულაია
17.10.2022

სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ხორბლის შემოტანას შესაძლოა, ისევ პრობლემები შეექმნას. მიზეზი ამჯერადაც რუსეთია, რომელიც საექსპორტო გადასახადი მოულოდნელად მკვეთრად გაზარდა. არადა, რუსეთში ჭარბმოსავლიანობის ფონზე, არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა მცურავ ბაჟს საერთოდ გააუქმებდა, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება იმდენად პრობლემური, რომ საქართველოში ხორბლის შემოტანას ისევ პრობლემები შეექმნას და ქვეყანა კვლავ ფქვილის იმპორტზე გადაერთოს?

რუსეთის ხორბლის საექსპორტო გადასახადი 19 ოქტომბრიდან ტონაზე 2 934 რუბლი იქნება წინა კვირის 1 926 რუბლის ნაცვლად. ამრიგად, საფასური გაიზრდება 52.3%-ით, ანუ ერთნახევარჯერ (გადასახადი, რომელიც მოქმედევს 12-დან 18 ოქტომბრამდე, წინაზე 9.1%-ით ნაკლებია). ახალი განაკვეთები გამოითვლება ინდიკატიური ფასების მიხედვით 308.8 აშშ დოლარი ტონაზე ხორბალზე (307,7 აშშ დოლარი წინა კვირაში).

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ სიძვირის პირობებში, საქართველოში რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ისევ გაჭირდეს.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ თავად უნდა შეიძინოს ხორბლის მარაგი და უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება ან საექსპორტო გადასახადის საპირწონედ შემოიღოს სარკისებრი გადასახადი.

„მცურავი ბაჟის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია იქნება ფასის მატება და აქედან გამომდინარე, რისკი იზრდება, რომ ისევ დაბრუნდეს სიტუაცია არა ხორბლის გადამუშავებასა და წისქვილების მუშაობაზე, არამედ ფქვილის შემოტანაზე.

თუ ჩვენ გადავხედავთ წინა წლის ანალიზს, როდესაც იგივე ფაქტორები ვითარდებოდა რუსულ ბაზარზე და ფქვილის აგრესიული იმპორტი იწყებოდა. აქედან გამომდინარე, ასოციაცია დღესაც ფიქრობს, რომ საჭიროა, რუსეთის მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი სარკისებური გადასახადის შემოღება ფქვილის იმპორტზე, რაც საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს გააგრძლონ მუშაობა და შექმნან გარდამავალი მარაგი.

სარკისებური გადასახადის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, რომ დააბალანსონ ხორბლის მარაგის საშუალებით ფქვილის ფასი და შესაბამისად, პურის ფასი. ამას გარდა, შესაძლებელი გახდება დასაქმებულების შენარჩუნება. ხორბლის გადამუშავების შედეგად შესაძლებელი იქნება ფქვილთან ერად ქატოს მიღებაც, რაც მეცხოველეობის დარგში მიდის, ასევეა საქართველოს ბიუჯეტში შენატანები და რაც მთავარია, სასურსათო უსაფრთხოების დაცვა.

არის მეორე ვარიანტიც, თვითონ სახელმწიფოს შეუძლია იყიდოს 2 თვის მარაგი თავისი სახსრებით და თავად სახელმწიფომ დაიცვას სასურსათო უსაფრთხოება და შესაბამისად, დააბალანსოს, როგორც ხორბლის ფქვილის, ისე პურის ფასი. ასე გააკეთა მოლდოვამ, რომელმაც სასწრაფოდ იყიდა რამდენიმე დღის წინ 2 თვის მარაგი. ასე აკეთებს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სხვა სახელმწიფოებიც“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ლევან სილაგავამ.

წისქვილების შეთავაზება ხელისუფლებისადმი ასე გამოიყურება: შემოღებულ იქნას ფქვილის შემოტანაზე წინასაიმპორტო გადასახადი; გათავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილი იმ პირობით, თუ იგი პურის ქარხნების მიერ გამოყენებული იქნება ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.

ამის შემდეგ, წისქვილები აიღებენ ვალდებულებას, რომ ისინი ფქვილის ფასთან ერთად მაქსიმალურად დაიცავენ ბაზარს.

„ბარაქას“ გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშივილი ამბობს, რომ სარკისებრი გადასახადის შემოღება იმ პირობებში ვერ დააბრუნებს წისქვილკომბინანტებს, რა პირობებშიც თუნდაც საბაჟო გადასახადის შემოღებამდე იყო.

„ჩვენ იდეაში არც გავჩერებულვართ. დაახლოებით, 30-40%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით და ისევ ამ ტემპში ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან გრძელვადიანი პროგნოზები არ გვაქვს.

როგორც ვიცით, საბაჟო გადასახადი 19 ოქტომბრიდან იზრდება. ბოლო დროს, ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადი კლებისკენ მიდიოდა, მაგრამ მალე 1936 რუბლიდან 2900 რუბლამდე გაძვირდება. სამომავლოდ კიდევ რა იქნება, არ ვიცით, რადგან ბაჟი ყოველკვირეულად იცვლება.

სარკისებრი გადასახადი ძალიან დიდი ხნის წინ მოვითხოვეთ. თუ სწორად მახსოვს,  წელიდაწი და ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამაზე საუბარი დავიწყეთ, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს, ამ გადასახადის შემოღებაზე საუბარი, შეიძლება ითქვას, რომ გვიანიცაა. იმ პირობებში ვერ დააბრუნებს არსებულ წისქვილკომბინანტებს, რა პირობებშიც თუნდაც საბაჟო გადასახადის შემოღებამდე იყო. ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა და მთავრობის მხრიდან იყო  მცდელობები, დაპირებები, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ დღემდე ისევ სამუშაო პროცესში ვართ. არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ დრომდე არ არის“, - განაცხადა ბიძინაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

გარდა ამისა, არსებობს მეორე პრობლემაც - მარცვლეულის დერაფანი შესაძლოა, ჩაიკეტოს. უკრაინის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ჩაშლის პირასას. 4 თვით გახსნილ დერეფანს ვადა ერთ თვეში ეწურება, რის შემდეგაც რუსეთამ შესაძლოა, შეთანხმებას მხარი აღარ დაუჭიროს. დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად საჭიროა ოთხივე მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს თანხმობა, თუმცა კრემლში იმიზეზებენ, რომ შეთანხმება მათ სასარგებლოდ არ მუშაობს,

რუსეთის მუქარამ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი უკვე გაზარდა, მათ შორის ჩიკაგოსა და პარიზის ბირჟებზე. უკრაინის დერეფნის ჩაკეტვა ხორბალს გააძვირებს, რაც თავისთავად საქართველოზეც აისახება. სწორედ ასეთია ბაზარზე შექმნილი მოლოდინი.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხა დოლიძე აცხადებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში სულ წისქვილკომბინანტები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

„სტაბილიზაცია მოხდა იმის ხარჯზე, რომ კონკურენცია გაიზარდა. როგორც ფქვილი შემოდის, ისე ხორბალიც და ამის საშუალება გაჩნდა. ძლივს, როგორღაც ბაზარი დაწყნარდა, პურ-პროდუქტების თემა გადავიდა მეორე პლანზე.

რამდენიმე წლის განმავლობაში, სულ წისქვილკომბინანტები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მეწარმეს არც ფასში და არც ხარისხში არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. არ მინდა იგივე სიტუაცია შეიქმნას, ეს არასწორია. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ გაიყიდა ქართული წისქვილები და ზოგი აზერბაიჯანული გახდა და ზოგიც სხვა ქვეყნის.

ხორბალზე საექსპორტო ბაჟის გაძვირება მოსალოდნელი იყო. რუსეთმა გასაყიდი გზები გამონახა და აქვს ბაზარი. როდესაც ეს ხაზები ჯერ არ მუშაობდა, საექსპორტო გადასახადს დაუკლო, ახლა კი, ისევ იპოვა. ჩვენ კი სანამ გადასახადი ნაკლებია, ხორბალი უნდა შევიძინოთ და მოვიმარაგოთ“, - უთხრა „ბიზნეს-რეზონანსს“ მალხაზ დოლიძემ.

ჯერ კიდევ 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიტანა მარცვლეულის ამომწურავი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს მცურავ გადასახადებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე და მათგან მიღებული სახსრების დაბრუნებას სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორების საფუძველზე მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასების მიხედვით. 2022 წლის 6 ივლისიდან მარცვლეულის გადასახადი გამოითვლება რუბლებში და არა დოლარში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×