ვერც მათი შემოსვლა და ვერც წასვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ფასების ზრდას წაახალისებს
გვანცა წულაია
12.10.2022

საქართველოში ჩამოსული მიგრანტების ნაწილი ქვეყანას ნელ-ნელა ტოვებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერჯერობით აქ დარჩენას აპირებენ. მათგან მიღებული სარგებელი ეკონომიკაში მცირედია, შესაბამისად, მიგრანტების ქვეყნიდან წასვლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკას დანაკარგი არ ექნება. ასეთია სპეციალისტთა ერთი ნაწილის მოსაზრება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მიგრაციის პირველი ნაკადისგან ქვეყანა სარგებელს ნამდვილად მიიღებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოყებული ომის შემდეგ, საქართველოს ხალხთა მასის პირველი ნაკადი მოაწყდა. მაშინ, ქვეყანაში ძირითადად ბიზნესმენები და შეძლებული ხალხი შემოვიდა, რომლებიც სანქციებს გამოექცნენ, რამაც ეკონომიკაზე რაღაც დოზით გავლენა იქონია. მეორე ნაკადი კი, ქვეყანისკენ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ დაიძრა. რუსეთიდან ამჯერად შედარებით ხელმოკლე ფენა წამოვიდა.

მიგრანტთა დიდი ნაწილი საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, ისე იყენებს, ანუ მათ ქვეყანა მალევე დატოვეს, ზოგიერთი კი აქ დარჩენას დიდი ხნით ხნით არ გეგმავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც საქართველოდან მალე არ წავლენ.

"თიბისი კაპიტალის" კვლევაში ნათქამია, რომ, მიგრანტების 30% საქართველოს 2023 წელს დატოვებს. ჯერჯერობით მათი 75% თბილისში დასახლდა. ოჯახები, საშუალოდ, 3 ადამიანისაგან შედგება.

მიგრანტებისგან მოთხოვნა, ძირითადად, გაქირავების ბაზარს უკავშირდება. 2022 წელს ბინების 30% იქირავეს მიგრანტებმა, 70% - ადგილობრივებმა, 2023 წლის პროგნოზით კი, მიგრანტებზე გაქირავებული ბინების ოდენობა 18%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება გაყიდულ ბინებს, 2022 წელს კვლევის მიხედვით მხოლოდ 10% გაიყიდა მიგრანტებზე, მომდევნო წელს მაჩვენებლის 12%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აცახდებს, რომ ომსგამოქცეული ადამიანებისგან საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო და შესაბამისად, მათი წასვლის შემდეგ, ეკონომიკაში არაფერი შეიცვლება.

"ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ცოტა მეტად აწყობილი, უფრო განვითარებული და თანამედროვე რომ იყოს, ამ შანსს ძალიან კარგად გამოვიყენებდით, რადგან რუსეთიდან ვინც გამორბის, უმეტესად ახალგაზრდაა და ისეთ სფეროებში არიან დასაქმებულები, სადაც მუშაობა დისტანციურადაც არის შესაძლებელი. ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბევრი ადამიანი დაასაქმოს და თუნდაც ის აქტივი აითვისოს, რომელიც აქ შემოდის. მართალია, ბიზნესი კადრების დეფიციტზე საუბრობს, მაგრამ კერძო სექტორი ისეთ ხალხს ითხოვს, ვინც დაბალ ანაზღაურებაზეიქნება თანახმა. მაგალითად, დეფიტიცია თვეში 500-ლარიანი მიმტანის და ადამიანი, რომელიც რუსეთში მუშაობდა და იღებდა ხელფასს 1500 დოლარს, აქ 500 ლარზე არ იმუშავებს.

ისინი აქ ცოტა ხნით ჩერდებიან და შემდეგ სხვა ქვეყანაში მიდიან. ერთი სარგებელი ის არის, რომ რამდენიმე დღით საქართველოში რჩებიან და ცოტა ფულს ხარჯავენ, თორემ დიდ სარგებელს ვერ ვიღებთ მათგან.

მათგან სარგებელი არ გვაქვს და შესაბამისად, ქვეყნიდან მათი გასვლის შემდეგ ეკონომიკაში არაფერი შეიცვლება. ვერანაირ სარგებელს ვერ ვიღებთ მათგან - მხოლოდ როგორც ტურისტებისგან, რომლებიც რამდენიმე ხნით ტრანზიტად იყენებენ საქართველოს”, - განაცხადა "რეზონანსთან” მერაბ ჯანიაშვილმა.

განსხვავებულია სფეციალისტთა მეორე ნაწილის შეფასება. მათი აზრით,  მიგრაციის პირველმა ნაკადმა საქართველოს გარკვეულწილად ასარგებლა, რადგან ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში მოსახლეობის შეძლებული ფენა შემოვიდა.

სწორედ ასე ფიქრობს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი და ხაზს უსვამს, რომ პირველი ნაკადის მიგრანტები გარკვეული დანაზოგითა და ბიზნესითაც კი ჩამოვიდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ბენეფიტის მომტანია.

"მიგრანტების პირველმა ნაკადმა, რომელიც შემოდიოდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდანაც და ბელარუსიდანაც, რასაკვირველია, გარკვეული სარგებელი მოუტანეს საქართველოს ეკონომიკას, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გაერიდნენ თავიანთ სივრცეს, განსაკუთრებით რუსეთს. უმეტესი მათგანი არის საქართველოსთან კავშირში მყოფი ან ეთნიკურად ქართველები, რომლებიც, უბრალოდ, რუსეთის მოქალაქეები არიან. პირველი ნაკადის მიგრანტები გარკვეული დანაზოგითა და ბიზნესითაც ჩამოვიდნენ, თანაც ხანგრძლივი პერიოდით.

ბოლო ნაკადს რაც შეეხება, ისინი ისეთი ფენის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საკმაოდ დაბალი მსყიდველუნარიანობა აქვთ და შესაბამისად, მათგან სარგებელის მოლოდინი არც არის და ბევრი მათგანი, უბრალოდ, გამტარად იყენებს საქართველოს - აქედან სხვა ქვეყანაში გადადის. მიგრანტების მეორე ტალღაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო უარყოფითი გავლენის მატარებელია, რომელიც ზეგავლენას მოახდენს თუნდაც ფასების ზრდაზე. ასე რომ, ეს ნაწილი უფრო ნეგატიური ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, ვიდრე თავდაპირველად შემოსული მიგრანტების ნაკადი. 

ვფიქრობ, მიგრანტების რაღაც ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით დარჩება და შესაძლოა, სამუდამოდაც. გააჩნია, როგორი სიტუაცია იქნება. შესაბამისად, მათ როგორც სამუშაო ძალას, ისე უფრო განვიხილავ. შესაძლოა,  პატარა კონკურენციაც შექმნან ჩვენს მომსახურე პერსონალთან, ვიდრე მთლიანად სექტორზე მოახდინონ რაღაც დადებითი გავლენა”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას რამაზ გერლიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×