"ბოლო დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა შეინიშნება, ისინი სამსახურს აქტიურად ეძებენ"
გვანცა წულაია
11.10.2022

ქართული ბიზნესი მუშა ხელის დეფიციტს გამო, საქართველოში ჩამოსული რუსების, უკრაინელების და ბელარუსების დასაქმებას იწყებს. აქამდე თუ ამაზე მხოლოდ ვარაუდი არსებობდა, ზოგიერთმა ბიზნესმა უკვე დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიგრირეგულ უცხოელებს დაასაქმებს.

მიმდინარე ეტაპზე, ზემოთ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ქართულ ბიზნესისადმი ინტერესი დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა რამდენიმე ხნის წინაც ითქვა, რომ ისინი საქართველოში სამუშაოს ეძებენ. საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ ადამიანებს, თუ ისინი საქართველოში დიდი ხნით დარჩებიან, ბუნებრივია, მათ შემოსავალი დასჭირდებათ და სამუშაოს მოძებნას დაიწყებენ.

ეიჩარ.გე-ს რეგიონალური მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსები, ბელარუსები და უკრაინელები დარეგისტრირებულიყვნენ და სამსახურის მოძიება დაეწყოთ.

"ჩვეთან ბაზაში არ ჩანს. ზოგადადაც არ გვინახავს, ბოლო პერიოდში, რომ რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მოქალაქე დარეგისტრირეგულიყოს. საერთოდაც იშვითად არის შემთხვევები, რომ უცხოელი რეგისტრირდებოდეს.

რაც შეეხება ვაკანსიებს, ვებ-გვერდზე თავსდება და გვქონდა ერთი პერიოდი და ახლაც არის რამდენიმე ვაკანსია უკრაინელებისთვის, ლტოლვილებისთვის განკუთვნილი, თორემ როგორც ასეთი უცხოელებისთვის და რუსებისთვის ვაკანსიები არც გვქონია და არც ახლა გვაქვს”, - განაცხადა "რეზონანსთან” შახბაზიანმა.

თუმცა ქართული ბიზნესი რუსულენოვანი მიგრანტების დასაქმებას მართლაც განიხილავს და არც მალავს თავის გადაწყვეტილებას. ასეთია, მაგალითად, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი“, რომლის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი კადრების დეფიციტის გამო, უახლოეს პერიოდში საწარმოში რუსეთისა და რუსულენოვანი მოქალაქეების აყვანა იგეგმება.

„ზოგიერთ შემთხვევაში ნედლეული 50%-ით გაძვირდა, თუმცა არ გვინდოდა სარეალიზაციო ფასში ასეთი ხისტი ზრდა გვქონოდა, ამიტომ შიდა პოლიტიკა ისე გადავალაგეთ, რომ 20-25%-მდე გავაძვირეთ. თვითღირებულების ზრდის მიზეზი მუშახელის სიმცირეა, რომელიც საფეიქრო ინდუსტრიაში უმწვავეს პრობლემად რჩება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გადამზადების ცენტრებთან, კოლეჯებთან და მუდმივად ვითხოვთ ახალ კადრებს, თუმცა მაინც რჩება ეს დაუძლეველი პრობლემა. ბოლო დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა შეინიშნება, ისინი სამსახურს აქტიურად ეძებენ. ჩვენ, სავარაუდოდ, ახლო მომავალში დავასაქმებთ მათ. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეებს და ზოგადად რუსულენოვან მოსახლეობას - როგორც რუსებს, ისე უკრაინელებსაც.

საცალო მიმართულებაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გვჭირდება. ჩვენ გვაქვს კორპორაციული დაკვეთებიც, რომელიც ასევე მზარდია. ახლო მომავალში გავზრდით საწარმოს და მუშახელს. წარმადობა მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 35 ადამიანი მუშაობს, საწარმოს ზრდასთან ერთად რესურსიც 2-ჯერ მეტი დაგვჭირდება“, - განაცხადა ნიკა ნიკოლაშვილმა "ბიზნეს მედიასთან”.

ქართულ ბიზნესს მუშახელი იმ დონემდე გაუჭირდა, რომ საკითხი მთავრობის წინაშეც კი წამოჭრა. ზოგადად საკადრო დეფიციტის პრობლემა ორმხრივია, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების მხრივაც. კომპანიები ხელფასს ვერ ზრდიან და მოქალაქეებს შესაბამის პირობებს ვერ სთავაზობენ, მოქალაქეებს კი კვალიფიკაცია არ უვარგა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს კერძო სექტორი.

ამ ფონზე კი, მაშინ, როდესაც ბიზნეს კადრები სჭირდება, ქართველები კი პირობებზე თანახმანი არ არიან. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მიგრირებულები საქართველოში აქტიურად დასაქმდნენ და თუ მასშტაბები მზარდი იქნება, ადგილობრივი მუშახელიც ჩაანაცვლონ.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ცალსახად რთულია თქმა, მაგრამ თუ საქართველოში პროცენტულად მაღალი იქნება იმ ლტოლვილთა ოდენობა, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან გამოიქცნენ, თანაც არც სხვაგან წასასვლელი და არც შემოსავალი ექნებათ, ასეთ შემთხვევაში ისინი სამუშაოს მოძიებას დაიწყებენ და სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიზნესიც მათ სამსახურზე უარს არ იტყვის.

"პირველ რიგში, ზოგადი ვითარება არის ასეთი, რომ ერთი მხრივ, ბიზნესი კადრების დეფიციტზე საუბრობს, მაგრამ მეორე მხრივ, უმუშევრობა გვაქვს საკმაოდ მაღალი. აქ ორ მომენტთან გვაქვს საქმე. პირველი – ბიზნესი ვერ სთავაზობს დასაქმებულს ისეთ ისეთ ანაზღაურებას, როგორიც მას სურს და მეორე – კვალიფიკაციური კადრები არ არიან, ანუ ისეთ სპეციალისტს ვერ პოულობენ, როგორც საქმეს სჭირდება.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება დასაქმდნენ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები, რადგან გაურკვეველია, ისინი რა ანაზღაურებაზე იქნებიან თანახმა და ასევე უცნობია, აქვთ თუ არ მათ ის უანრ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება.

მიუხედავად ამისა, თუ მიგრანტთა ნაკადი პროცენტულად იქნება დიდი, თანაც არც წასასვლელი და არც შემოსავალი ექნება, მაშინ ყველაფერზე დათანახმდება. ასეთ შემთხვევაში, ქართული ბიზნესი, სავარაუდოდ, იპოვის თავის პოტენციურ მუშახელს. თუმცა მათი კომპეტენციის საკითხიც საინტერესოა, რადგან მათ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მიუწევთ”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო ბერიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×