„ხალხში ტრიალებს აზრი, რომ კომპანიებს შეუძლიათ მაღალი ანაზღაურების გადახდა და არ იხდის, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის"
თიკა სიბოშვილი
10.10.2022

საქართველომ ორნიშნა ინფლაციაციას თავი ვერ დააღწია. მოსახლეობის ხარჯი გამოუდმებით მატულობს, ხოლო შემოსავალი უცვლელია. ქვეყანაში ბოლო დროს თითქოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ ამას საზოგადოებაზე არ უმოქმედია, რადგან მოქალაქეთა ხარჯი ბევრად, მეტია ვიდრე მათი გამომუშავებული თანხა. ხალხი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს, ბიზნესს კი ეს არ შეუძლია. თუკი ისინი სახელფასო ფონდს გაზრდიან, მაშინ პროდუქცია ან მომსახურება უნდა გააძვირონ, რაც ავტომატურად რეალიზაციის შემცირებას ნიშნავს.

ბიზნესში კადრების ნაკლებობის პრობლემაზე საუბარი ბოლო ხანებში აქტიურად მიმდინარეობს, რაც ნაწილობრივ ანაზღაურების საკითხით არის გამოწვეული. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად აქვს შესაძლებლობა ბიზნესს შეინარჩუნოს კადრები, რადგან მათთვის ერთ-ერთ მნიშნველოვან ფაქტორს დღეს უკვე ხელფასი წარმოადგენს.

როგორც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმას მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, ბიზნესს ახალი კადრების დასაქმების შესაძლებლობა აქვს, თუმცა თავისუფალ მუშახელს სხვა ქვეყანაში წასვლა ურჩევნიათ, რადგან იქ გაცილებით მაღალი ხელფასია.

„ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, რომ დაასაქმოს კადრები, თუმცა სურვილი არ არის იმიტომ, რომ ალტერნატივა არსებობს. მათ იციან, რომ უცხოეთში გაცილებით მაღალი ხელფასია. საქართველოს ეკონომიკას რისი განვითარების საშუალებაც აქვს  ამ ეტპაზე იმას იხდის ბიზნესი, ხოლო როდესაც არსებობს მოსაზრება, რომ - აი, უცხოეთში არის გაცილებით მაღალი ანაზღაურებაა - ეს არის ერთგვარი ბიძგი, რათა წავიდეს ადამიანი, დატოვოს ქვეყანა და დროებით იმუშაოს იქ.

ხელფასის გაზრდა, ვფიქრობ, ამ პრობლემას არ მოაგვარებს. ერთ-ერთი გამოსავალი ბაზრისთვის პროფესიული კადრების მიწოდება იქნება. თანამშრომლების შენარჩუნების პრობლემა კი არა, ფიზიკურად ასეთების არსებობის პრობლემაა უკვე, რადგან არ არსებობს კვალიფიციური მუშახელი და თავად უნდა გადაამზადო ისინი. ვინც უკვე კვალიფიციურია ის უკვე დასაქმებულია.

არის მეორე ფაქტორიც. შრომითი მიგრაცია ყოველთვის იყო და ახლაც ასეა - ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას. პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ახალი კადრების მიწოდება ბაზრისთვის, პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულებები არ არის პოპულარული და ესეც ართულებს სიტუაციას.“, - აღნიშნა ჭელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ფაქტია, რომ ამ პირობებში მოსახლეობას მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი უჭირს, რაც პირდაპირ გამოწვეულია შემოსავლის სიმცირით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ერთ ნიშნულზეა, ესეც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია არსებულ მდგომარეობაში. აშკარაა, რომ ბიზნესს ხალხის დასაქმება შეუძლია, თუმცა მსურველები არ არიან. ანაზღაურების მკვეთრი ზრდა კი მათ ძალებს აღემატება.

როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე მიიჩნევს, ინფლაციის გამო ანაზღაურების პრობლემის მოგვარება მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.

„სიძვირის პირობებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება კვლევის საგანია და მეეჭვება, რომ შემცირებული იყოს, თუმცა ზრდის ტემპი არ არის და ეს იწვევს უკმაყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ცოტათი იკლებს, მაინც ორნიშნა რჩება, რაც პრობლემაა, განსაკუთრებით კი ისეთი ფენებისთვის, რომლებსაც ძალიან უჭირთ.

მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება დამატებითი თანხები მაქსიმალურად უნდა მიიმართოს მეტად მოწყვლადი ჯგუფებისკენ და რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს მათი აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება. ორი წლის წინ ვიყავით რეცესიაში, პანდემია იყო და ა.შ. შესაბამისად, ძალიან რთულია ბიზნესი უცებ გადაეწყოს და გახდეს იმხელა ხელფასების გადამხდელი, რაც დასაქმებულებს სურთ. ეს ახლა შეუძლებელია.

როცა ინფლაცია ორნიშნაა, ხელფასების ზრდა ძალიან რთული იქნება. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, დაახლოებით ერთი წელი, რომ რაღაცნაირად ბიზნესის შემოსავლები გახდეს ისეთი, ხელფასების ზრდა შესაბამისად დაიწყოს“, - აღნიშნა მომცელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“და დასძინა, რომ საქართველო დიდწილად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რაც ართულებს მდგომარეობას.

„ხალხში ტრიალებს აზრი, რომ ბიზნესს შეუძლია მაღალი ანაზღაურების გადახდა და არ იხდის, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. საქართველო ცოტა რთული ქვეყანაა და იმავდროულად ღარიბი. ამ დროს ჩვენ ევროპის ნაწილად ვთვლით თავს დასავლეთისკენ ვიხდებით, სადაც ეს პრობლემა დიდი ხანია აღარ არის. ევროპასა და ამერიკაში ანაზღაურება მაღალია, ხოლო ადამიანების შემოსავლები მინიმუმს კი არა, ბევრ რაღაცას ყოფნის. საქართველოში კი, სამწუხაროდ, რადგან ასეთი სუსტი ეკონომიკა გვაქვს და დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული, ეს ძალიან ართულებს მდგომარეობას თუნდაც იმ მხრივ, რომ დამსაქმებელმა კარგი ხელფასი შესთავაზოს თანამშრომლებს.

როცა იმპორტი ძვირდება იმატებს ფასებიც, ეკონომიკა კი ვერ იზრდება ისე, რომ ანაზღაურების სწრაფად გაზრდა მოხეხდეს, ამიტომაც უჭირავს უმეტესობას საქართველოდან წასვლაზე თვალი, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, მაგალითად, გადასახადების შემცირებით. საჭიროა საშემოსავლომ, დღგ-მ ან სხვა განაკვეთმა დაიწიოს, რომ ბიზნესმა შეძლოს მეტის დაზოგვა და მერე უკვე მეტის გადახდა. ამ პროცესში ხელისუფლებაც უნდა იყოს ჩართული, რასაც ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა გივი მომცელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×