ავთო სილაგაძე: "დგება საკითხი შვეიცარულმა სახელმწიფომ და მისმა ფინანსურმა ორგანოებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომლებმაც არ განახორციელეს სათანადო ზედამხეველობა"
ქეთო გოგოხია
06.10.2022

შვეიცარული ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას ისევ არ  ასრულებს. ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვერ მოიძებნა ისეთი ორგანო, რომელიც ბანკს პასუხისმგებლობას დააკისრებს. როცა ასეთი ნაბიჯი მარეგულირებლის მხრიდან არ იდგმება, რადიკალურ ზომებს უნდა იღებდეს სახელმწიფო, მაგრამ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან არც ეს მზადყოფნა შეიმჩნევა. როგორც აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, პრობლემის მოგვარება ისევ გაჭიანურდა, თუმცა ყველა ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდაა და ადრე თუ გვიან, პროცესი მხარეთა მორიგებით ან ქართველი მილიარდერის უპირობო გამარჯვებით დასრულდება.

გარდა იმისა, რომ აშკარად პოლიტიკური მომენტი იკვეთება, შესაძლოა, პრობლემას ამწვავებდეს ბანკის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ დიდ ზარალს განიცდის და მას ფინანსური უზრუნველყოფის მხრივ პრობლემაც ჰქონდეს.

,,რეზონანსი": უზარმაზარი სკანდალია. სასამართლო დავა წააგო ბანკმა და არ ასრულებს ვალდებულებას. რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამან მომავალში, რამდენად ფიქრობთ, რომ ამ დავას ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ მოიგებს?

ავთანდილ სილაგაძე: მოგვლენებს თვალყურს ვადევნებ და  გულახდილად ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ. ძნელად წარმომიდგენია, რომ  ბანკი, რომელიც ვალდებული არის მოემსახუროს კლიენტებს, ასეთ დღეში აგდებდეს ადამიანს, რომელიც ამ მასშტაბის ინვესტორია. ბანკი სხვა არაფერია თუ არა დამფუძნებელთა თანხა და მოზიდული ინვესტიციები, ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი არასამართლიან გარემოში აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ "კრედიტ სვისი" ერთ-ერთი უძველესი ბანკია და აქციების მიხედვითაც ასევე მოწინავეა არა მარტო შვეიცარიაში, არამედ გლობალური მასშტაბითაც.

უამრავ უცხოელ სპეციალისტთან გვქონია შეხვედრა, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის პროცესში გვეხმარებიან, ვერავინ იტყვის, რომ სადმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულიყოს და თუ მაინც სადმე მოხდა, რეაგირების გარეშე დარჩენილიყოს! საფინანსო საერთაშორისო ფინანური ორგანიზაციები ყოველთვის არიან მოწადინებული, რომ უცხოელ ინვესტორებს თავიანთ ქვეყნებში  შეუქმნან კარგი პირობები. მათ უნდა მისცე უპირატესობა იმაზე მეტი, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში აქვთ.

მესმის, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა და ინვესტიციების სიმცირეს არ განიცდის,  მაგრამ სისტემა ათწლეულების განმავლობაში დანერგილს უნდა გაუფრთხილდეს, მით უმეტეს, ერთ-ერთი ლიდერი ბანკია. ბოლო პერიოდში მენეჯმენტი შეიცვალა, მაგრამ პრობლემები დარჩა, რადგან სისტემა არის უსამართლო. ეკონომიკურ ურთიერთობებში ასეთ ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, სამართალი უნდა აღსრულდეს.

,,რ": ფიქრობთ თუ არა, რომ პოლიტიკური ფაქტორები იკვეთება, რის გამოც საქმე შეიძლება შეგნებულად ჭიანურდებოდეს? რამდენად მისაღებია თვითონ ის გარემოება, რომ ბანკს განცდილი ზარალის გამო თითქოს არ შეეძლოს ფინანსური უზრუნველყოფა ?

ა.ს: შესაძლებელია მართლაც იყოს ასეთი პრობლემა, მაგრამ პანდემიის პერიოდს თუ ავიღებთ, 2019-2020 წლებში საკმაოდ დიდ აქტივებს ფლობდა და კაპიტალი გაეზარდა. დავუშვათ არსებობდეს კიდეც პრობლემა, მაგრამ არ აღიარო და ვალდებულება მხოლოდ თანამშრომელს დააკისრო, ისიც გარდაცვლილს, ასეთი რამ პრაქტიკაში არსად მინახავს. ცხადია, პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს, ამიტომ შვეიცარიის მთავრობამ დროზე უნდა გადადგას ნაბიჯი, იმიჯის საკითხიცაა კონკრეტული ბანკისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საბანკო სექტორის თვალსაჩინო მოთამაშე იყო. არსებული დავის სამართლიანად მოგვარება მათ ინტერსში უნდა შედიოდეს. ამასთან, საელჩომაც აქტიურად უნდა იმუშაოს.

დავა ყველა ფარგლებს გასცდა უკვე და, როგორც გითხარით, დგება საკითხი შვეიცარულმა სახელმწიფომ და მისმა ფინანსურმა ორგანოებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომლებმაც არ განახორციელეს სათანადო ზედამხეველობა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. მთავარია, მხარეები დროულად შეთანხმდნენ, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება.

,,რ": სად არის ამ დროს მარეგულირებელი, როგორ და რა ფორმით უნდა ჩაერთოს, რომ შვეიცარულ ბანკს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოეთხოვოს?

ა. ს: ახლადდაფუძნებული ბანკებიც კი ასეთ პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიან და ვერც გაექცევიან. ამიტომ არასერიოზულია ვალდებულებების ვინმეზე დაკისრება, ყველამ თავისი უნდა შეასრულოს. ბანკს აქვს ლიცენზია, ჰყავს მარეგულირებელი, რომლის მეშვეობითაც წესები, რაც საბანკო სისტემაშია, უნდა იყოს დაცული. ბანკებს ჰყავს ზედამხედველი, რომელსაც ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვარვს. სახელმწიფოს პრობლემაცაა, როცა საკუთარ ტერიტორიაზე მისი კანონმდებლობა არ სრულდება.

უცხოელ ინვესტორს ჩვენთან რომ შეექმნას პრობლემა, ვინმემ კანონდმებლობა დაარღვიოს, ამისთვის ბანკს და ეროვნულ ბანკსაც დააკისრებენ პასუხისმგებლობას და ასეც უნდა იყოს!  მით უმეტეს, ვიცი, რომ ამ ეტაპზეც "კრედიტ სვისი" დიდ აქტივებს განაგებს და როცა არ სრულდება კონკრეტულ კლიენტთან ნაკისრი ვალდებულებები, მარეგულირებელი უნდა ჩაერთოს. საუბარია სოლიდურ თანხაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო გათვალისწინებული. როგორც არ უნდა იყოს, ბანკმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგულირებელმა გააკეთოს დასკვნა და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.

,,რ": როგორ წარმოგიდგენიათ ამ დავის დასასრული, რა შანსი აქვს ივანიშვილს, რომ პროცესი მოიგოს საბოლოოდ?

ა.ს: სხვათა შორის, სახალხო პარტიამ ევროპარლამენტში შვეიცარული ბანკის  საქმიანობის შესახებ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები დიდი ხნის წინ გამოთქვა. როცა კლიენტებს ემსახურები, ვალდებულება პირნათლად უნდა შესრულდეს, ანუ მომხმარებელთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობა დამყარდეს და პირობები ღირსეულად შესრულდეს. საკითხი ჯერ კიდევ ჩიხშია, მაგრამ ვფიქრობ, ეს პროცესი საბოლოოდ აუცილებლად ივანიშვილის და მისი წარმომადგენლობის კანონიერი მოთხოვნის შესრულებით დამთავრდება, მაგრამ შეიძლება ეს იყოს დროის საკითხი.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობამ ივანიშვილის დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად შეაფასა, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ დანაკარგი 1,27 მილიარდი დოლარია.

ბიძინა ივანიშვილს "კრედიტ სვისთან" რამდენიმე სასამართლო დავა აქვს, რომელთაგან ერთი მოიგო. ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, "კრედიტ სვისის" შვილობილ კომპანიას "სიეს ლაიფს" ივანიშვილისთვის 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×