პატარ-პატარა რყევები შეიძლება კიდევ იყოს, მაგრამ 2,80 არის ახალი წონასწორული ნიშნული
ქეთო გოგოხია
05.10.2022

ლარის გამყარების ტენდენცია წლის ბოლომდეც შენარჩუნდება. სპეციალსიტების ვარაუდით, მცირე რყევები გაგრძელდება და შეიძლება კურსი 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდეს, თუმცა წლის ბოლოს იგი, საშუალოდ, სწორედ აღნიშნულ ზღვართან იმოძრავებს. ამის საფუძველს ტურიზმის გააქტიურება, ეკონომიკური ზრდა და ფინანსური ნაკადების შემოდინება წარმოადგენს. 

ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურია. "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა კიდეც, რომ წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.80-ის ფარგლებში იქნება.

,,დამატებითი მიგრანტები დამატებით სავალუტო შემოდინებას ნიშნავს, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც დოლარი მყარია. ჩვენი აზრით, მომდევნო 12 თვეში ინფლაცია შემცირდება და 2023 წელს სამიზნეზე დაბალიც კი შეიძლება იყოს.

მიგრანტების შემოდინება მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი ინფლაციის მოლოდინი და მყარი დოლარი, პირიქით, მყარი კურსის საპირისპირო არგუმენტია, ამიტომ ჯამში მოლოდინი არ შეგვიცვლია, სავარაუდოდ, იმავე ნიშნულზე (2.80-ის ფარგლებში) უნდა იყოს წელს ლარი, რაც დღესაა.

თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს, ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში ჭარბი ვალუტის დაგროვება“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ამდენად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო ბაზარზე ვითარება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება და ლარს ამ მხრივ რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პროგნოზით, 2,80-2,85 ის ნიშნულია, რასაც ლარი წლის ბოლოს დააფიქსირებს. ,,რეზონანსთან" მან ლარის სტაბილურობის რამდენიმე ფაქტორზეც ისაუბრა.

,,ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მსოფლიო ბანკის  ვარაუდიც ამას ადასტურებს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 8.8%-მდე, რომელიც წლის დასაწყისში, სხვათა შორის, 2,5% იყო. შეცვლილია მთავრობის პროგნოზიც - 9%-მდე, რაც, პირველ რიგში, უკვე აისახა ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებში, რაც ბიზნესის მხარდამჭერი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდასთან ერთად, დადებითი ეფექტის მახასიათებელია.

2022 წლის აგვისტოშიც გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და ეკონომიკურმა ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო წლიური მაჩვენებელი 10.3%-ია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის პირველ 3 კვარტალში 9%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო სექტემბერში ზრდის მაჩვენებელი 6.9% იყო, მიმდინარე წლის პირველ 3 კვარტალშიც, სავარაუდოდ, ანალოგიური ზრდის დონე გვექნება.

ამის მანიშნებელია აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც  წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 23.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 92.4 პროცენტით მეტია 2021 წლის აგვისტოს თვის მონაცემზე.

ამდენად, ქვეყნის ეკონომიკაში ყველა პირობაა, რომ ლარის სტაბილურობა შენარჩუნდეს. ჩემი შეფასებით, გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და დღევანდელი მაჩვენებლით, კურსი არსებულ ტრენდს შეინარჩუნებს. ლარი წლის დანარჩენ პერიოდში დაახლოებით 2,80-2,85-ის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ცუცქირიძემ.

ლარის კურსის სტაბილურობას რუსეთიდან ტრანზაქციების გააქტიურებას უკავშირებს ფინანსური ბაზრის მკვლევარი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომლის შეფასებითაც ლარი გამყარდება, სანამ რუსეთიდან ფინანსური ნაკადების ზრდა გრძელდება.

,,მოკლევადიანი რყევები არ ცვლის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. საერთოდ მცირე მასშტაბის მერყეობა მომავალშიც გაგრძელდება. ყველაფერი ეს დამოკიდებულია ვიზიტორების რაოდენობასთან. რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში, აბანდებენ ფულს, შესაბამისად, ფინანსური ნაკადების დიდი მოძრაობაა, რაც ლარს ამყარებს. ვფიქრობ, სავალუტო ტენდენცია შეიცვლება, როცა მიგრანტების ნაკადი შეჩერდება.

ლარის მოძრაობის დინამიკა დღეს, ძირითადად, გარეშე ფაქტორებთან არის დაკავშირებული. შეიძლება იმოქმედოს აგრეთვე საგარეო ვაჭრობამ, ვინაიდან ინვესტიციები, გარდა რუსულისა, არ არის მოსალოდნელი. ჩემი აზრით, მცირეოდენი რყევები კიდევ იქნება, ჩამოსცდება თუ აცდება ლარი 2,80-იან ნიშნულს, დროის ამბავია", - განაცხადა ,,რეზონანსთან" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

5 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად,  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8055 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×