გვანცა წულაია
04.10.2022

ევრო დაკარგული პოზიციების აღდგენას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევრო ყველა ვალუტასთან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურებულია. ამ დროს პოზიციებს მნიშვნელოვნად იუმჯობესებს დოლარი, რაც დამატებითი წნეხია. ფინანსისტები "რეზონანსთან” მიზეზებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ევრო მომავალში იმაზე მეტად გაუფასურდება, ვიდრე მიმდინარე პერიოდშია. 

ასეთი რამ, 20 წელია, არ მომხდარა. უკვე კარგა ხანია, საქართველოში 1 ამერიკული დოლარი უფრო მეტი ლარი ღირს, ვიდრე 1 ევრო. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2002 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ ევრო დოლართან და, შესაბამისად, ყველა სხვა უმეტესი ვალუტის მიმართ მყარდებოდა. 2008 წელს ერთი ევრო 1.60 აშშ დოლარიც კი ღირდა.

ევრომ გაუფასურება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, უკრაინაში ომისგან გამოწვეული კრიზისის გავლენა და ეკონომიკის რეცესიის მოლოდინია.

ევროს გაუფასურება კიდევ უფრო დაჩქარდა მას შემდეგაც, რაც გაძლიერდა შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი დაწესებული სანქციების საპასუხოდ დასავლეთს სრულად შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას. საქმეს ართულებს ისიც, რომ ევროზონის ქვეყნებში შენარჩუნდა რეგიონისთვის უჩვეულო მაღალი ინფლაციაც, რაც გარდა ენერგომატარებლების გარდა, სხვა პროდუქციასა და მომსახურებებზეც გავრცელდა.

სწორედ მაღალ ინფლაციაზე აკეთებს აქცენტს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე და აცხადებს, რომ გაზრდილ ფასებს ამერიკა რეფინანსირების განაკვეთით ებრძვის, რაც დოლარის პოზიციებს ამყარებს და ევროს აუფასურებს.

"მიზეზი, რამაც ევროს ამდენი ხანი პოზიციები ვერ გააუმჯობესებინა ამერიკის ცენტრალური ბანკის პოლიტიკაა. იქ რეფინანსირების განაკვეთი იწევს. შეერთებულმა შტაბებმა ინფლაციას ბრძოლა გამოუცხადა და შესაბამისად, ხდება დოლარის გამყარებაც, რაც უკვე თავისთავად ცხადია, რომ მოქმედებს ევროზე.

ამ შემთხვევაში, მთავარი არის აშშ-ის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა. ძირითადი მიზეზი სწორედ ესაა. ძალიან მაღალი ინფლაცია ამერიკაში, ამიტომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ წნეხი შეამციროს, რაც იწვვეს დოლარი პოზიციების გაუმჯობესებას. ბუნებრივია, დოლარის გამყარება ნიშნავს იმას, რომ ევრო უფასურდება დოლართან მიმართებით”, - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ "რეზონანსთან” და დასძინა, რომ მოკლე პერიოდში ამერიკის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა არ შეიცვლება, თუმცა რთულია იმის პროგნოზირება, კონკრეტულად რამდენ ხანს შენარჩუნდება რეფინანსირების მაღალი განაკვეთი.

"ცოტა რთულია იმაზე საუბარი, ეს სიტუაცია რამდენად გრძელვადიანი იქნება. ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, სწრაფად თუ წამოვა ინფლაცია ქვევით. სავარაუდოდ მოკლე და საშუალო პერიოდში ფედერალური სარეზერვოს სისტემა აღნიშნულ პოლიტიკას არ შეცვლის”, - დასძინა "რეზონანსთან” გოჩა თუთბერიძემ.

ევრო დღესაც იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე ამერიკული დოლარია. 5 ოქტომბრის მოქმედი კურსით, 1 ევრო - 2.78, ხოლო 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ევროს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ევროპულმა ვალუტამ, დოლართან შეიძლება 0.85-მდეც დაკარგოს პოზიციები.

"თავიდანვე ჩანდა, როდესაც გერმანიაში სამრეწველო ინდექსი 30% იყო, ევროს დევალვაცია მოხდებოდა. ახლა აღნიშნული სამრეწველო ინდექსი 45%-ზეა ასული, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაცია დაიწყო. ეს პროცესი გადაედება ევროპის სხვა ქვეყნებსაც. შესაბამისად, ევროს არავითარი ისეთი მაჩვენებელი არ აქვს, რომ ვთქვათ, ის უახლეს მომავალში გამაყრებას დაიწყებს.

ევროპის ეკონომიკის შემცირებამ გამოიწვია ენერგორესურსების გაძვირება, თანაც აფეთქება მოხდა ჩრდილოეთ ნაკადზე, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოვიდა მთავარი მაგისტრალები.

ველოდებით, რომ ევროს კიდევ გაუფასურდება, პოზიციებს უფრო დაკარგავს და ვფიქრობ, რომ 0.85-მდე შეიძლება ჩამოვიდეს დოლართან მიმართებით”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.

რაც შეეხება ამ ყველაფრის საქართველოზე გავლენას. ევროს გაუფასურებას საქართველოზე გავლენა სამი ძირითადი მიმართულებით ექნება, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ფასებისა და გზავნილების მიმართულებით. ეს უკანასკნელი ძალიან საყურადღებოა. გამოდის, რომ თუკი ევრო მეტად გაუფასურდება, ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფული უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, ლარის ეკვივალენტში, შემცირდება და ადგილობრივ ოჯახებსაც სულ უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×