ვახტანგ იობაშვილი: "იმპორტში ზრდის ტენდენციაა, ადგილი აქვს პოზიტიურ ტრენდს, რომელიც დიდი ალბათობით, შენარჩუნდება“
ქეთო გოგოხია
19.09.2022

2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხ მასალებსა და საავიაციო ნავთს, რომლის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება  ინტენსიურია, რაც უკავშირდება ეკონომიკის გამოცოცხლებას, ტრანზიტის ზრდას და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას. ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება პოზიტიურია. როგორც აღმოჩნდა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,06 ათასი ტონა, რაც 2,11 ათასი ტონით, ანუ 17,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (11,95 ათასი ტონა) შედარებით.

საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,7 ათასი ტონა, რაც 28 ათასი ტონით, ანუ 50,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55,7 ათასი ტონა) შედარებით.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 62,8% (52,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,9% (12,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,4% (11,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან და სხვა.

საცხებ-საპოხი მასალების შემთხვევაში, იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 2,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,4%-ს შეადგენს და თურქეთიდან - 2,59 ათასი ტონა (18,4%). შემდეგ მოდიან: რუსეთი - 1,76 ათასი ტონა (12,5%); გერმანია - 1,34 ათასი ტონა (9,5%) და სხვ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების იმპორტი, ძირითადად, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს სხვადასხვა კატეგორიაში. შესაბამისად, იზრდება მოხმარება. განსაკუთრებით თვალში საცემია საავიაციო ნავთისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი, რომელიც ზრდას აფიქსირებს.

,,საცხებ-საპოხი მასალების ყველა ნომენკლატურაზე მოთხოვნა გაზრდილია, ასეთივე მოცემულობაა საავიაციო ნავთის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ზრდაა, რაც იმპორტის მაჩვენებლებში შთამბეჭდავად გამოიყურება. უნდა ითქვას, რომ ტრანზიტში სერიოზული ზრდა გვაქვს, შიდა მოხმარებაშიც მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა.

ქვეყანაში  ავტომობილების რაოდენობა მატულობს. ამასთან, რაც 4 ლარამდე გახდა ბენზინის ფასი საქართველოში, ყველა იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაადასტურებს, რომ გაძვირების მიუხედავად, მოხმარება არ შემცირებულა. პირიქით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის რეალზიაციამ მოიმატა. როგორც აღვნიშნე, ეს განსაკუთრებით ტრანზიტის ზრდას და ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ერთი მხრივ კარგია, რომ რეალიზაცია გაზრდილია, გამტარუნარიანობამ მოიმატა, რაც შემოსავლებს ზრდის ქვეყანაში.

ეკონომიკაში დიდი მოძრაობა, სერიოზული გამოცოცხლება შეიმჩნევა. ხოლო ნავთობკომპანიებს მოწინავე პოზიციები აქვთ, არ შეუმცირებით ობიექტების რაოდენობა, როცა ქვეყანაში გარკვეული პრობლემა იყო, არც მომსახურე პერსონალი და მათი ხელფასები, პირიქით, ზრდის ტენდენციაა. ამდენად, ადგილი აქვს  პოზიტიურ ტრენდს, რომელიც დიდი ალბათობით, შენარჩუნდება“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ და დასძინა, რომ იმპორტის ზრდის ფონზე მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე, რომ სტანდარტი და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

,,თურქეთში ტრანსპორტის 80% თხევად გაზზე მუშაობს, რომელიც არანაირ მავნე გამონაბოლქვს არ შეიცავს. შეგვიძლია ხარისხიანი თხევადი აირი შემოვიტანოთ. აქამდე რაც შემოგვქონდა და მოვიხმარდით, საავტომობილო აირი არ იყო, ამ დროს თურქეთი ალტერნატიულ საწვავს იშვიათად იყენებს. ხარისხზე უნდა გაკეთდეს მთელი აქცენტი. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ  თურქმენეთის საწვავი ხარისხობრივად ყველაზე დაბალი კატეგორიისაა, ერთ-ერთი საუკეთესოა რუსული საწვავი, ვინაიდან საწარმოების გადაიარაღება მოახერხეს და ევრო 5-ის ტიპის პროდუქტი გამოუშვეს“, - დასძინა იობაშვილმა და დასძინა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურების მონიტორინგის დაწყებას აპირებს, რის პრაქტიკა ადრეც ჰქონდათ და კარგად მუშაობდა.

„აუცილებლად უნდა შემოწმდეს საწვავის ხარისხი. ამ მიზნით ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსა და სტანდარტებს შეამოწმებს. ამის უფლებამოსილება ადრეც გვქონდა, გვყვავდა აკრედიტირებული ექსპერტები, გვქონდა ხელშეკრულებების აკრედიტირებულ ლაბორატორიებთან და მოწმდებოდა საწვავის ხარისხი და ზომა-წონა. მუშაობას ამ მიმართულებით გავაძლიერებთ, ამ ეტაპზე საკითხი  პროექტის დონეზე მუშავდება. საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა შესაბამის უწყებასა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უნდა აღდგეს ეს პროცესი, რომ მომხმარებელმა დაცულად იგრძნოს თავი და ხარისხი გარანტირებული იყოს“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×