"ასეთი გაწეული დანახარჯის შემდეგ, ბევრი ოჯახი რაღაც პერიოდი ხელმოკლედ ცხოვრობს”
გვანცა წულაია
15.09.2022

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები საჯარო სკოლებში გუშინ მივიდნენ, ხოლო კერძო სკოლებმა რამდენიმე დღით ადრე გახსნეს კარი. სწავლის დაწყებას თან მოსწავლეების სამზადისი ახლავს, რომელიც ოჯახებისთვის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს ისეთი ოჯახებისთვის, სადაც 2 და 3 ბავშვი სკოლის მოსწავლეა. წელს ამ მხრივ ურთულესი ვითარება შექმნა, რადგან გასაწევი ხარჯის ოდენობა ნახტომისებურად გაიზარდა.

სიძვირემ მოიცვა ყველაფერი, იქნება ეს წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, ტანსაცმელი, თუ ის სხვა სახის ნივთები, რომლებიც სკოლის მოსწავლისთვის აუცილებელია. მართალია, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს წიგნები ურიგდებათ, მაგრამ იგივე არ ვრცელდება კერძო სკოლის მოსწავლეებზე.

საბაზრო ფასების გათვალისწინებით, სკოლის ჩანთის ღირებულება ყველაზე ცოტა 50-60 ლარი ღირს. ე.წ. პენალის ფასი, რომელიც მოსწავლისთვის აუცილებელი ატრიბუტია, საშუალოდ, 10-15 ლარიდან იწყება, ხოლო სკოლის რვეულები, კალამი, ფანქარი, ფერადი ფანქრების ნაკრები, საშლელი, სათლელი, წებო, სახაზავი, სახატავი რველი, ფლომასტერები, პლასტენილი, თუ ფერადი ფურცლები, ჯამში, 80-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ვისაც კი წიგნების შეძენა უწევს, ამ მხრივ მძიმე სიტუაციაში ვარდება, რადგან 1 წლისთვის გამოსადეგი სრული კომპლექტის ღირებულება 250-300 ლარს უტოლდება. 1 ჩვეულებრივი სასკოლო სახელმძღვანელოს ღირებულება 13 ლარიდან იწყება და 20 ლარსაც აღწევს.

მოსწავლის გარდერობი სავალდებულო სამოსს არ მოიცავს. საჯარო სკოლების ნაწილში მოსწავლის ფორმებით სიარული სავალდებულო არ არის, არ არსებობს, თუმცა მოსწავლეების უმეტესობას სკოლის პირველ დღეს თეთრი პერანგი და მუქი შარვალი/კაბა აცვია, ფეხსაცმელი, რომლის ღირებულება ყველაზე ცოტა 200-250 ლარს შეადგენს. 

გამოდის, რომ ოჯახს მხოლოდ ერთი მოსწავლის ერთჯერადად სკოლისთვის მოსამზადებლად მინიმუმ 600 ლარი სჭირდება. გაცილებით მეტია იმ ოჯახის ხარჯი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 2 ან 3 ბავშვს შეადგენს. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდება ნივთების შეძენა.

განათლების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ სასკოლო სამზადისისთვის დათვლილმა ხარჯმა, მინიმუმ, 600 ლარი შეადგინა, რომელიც დღეს, შესაძლოა, გაორმაგებული იყოს.

“რა თქმა უნდა, ოჯახებისთვის სასკოლო სამზადისის ხარჯების გაწევა რთულია. ამაზე არსებობდა კვლევაც, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, 7-8 წლის წინ ჩატარდა. მაშინ ეს ხარჯები დათვალეს და 600-800 ლარი შეადგინა. დღევანდელი ინფლაციის პირობებში, ეს თანხა გაორმაგდებოდა ან სულ მინიმუმ 20-30%-ით მეტი მაინც იქნება. ეს, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის დიდი ხარჯია, მაგრამ კარგი ისაა, რომ საჯარო სკოლაში ბავშვებს წიგნები უფასოდ აქვთ და ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ პირველ კლასელებს, რაც, რა თქმა უნდა, ოჯახების ხარჯს ამცირებს. სხვათა შორის, ეს კარგი მიდგომაა, როცა განათლება ორიენტირებულია ზრუნვაზეც და არა მარტო ცოდნის გაცემაზე. ასეა წარმატებულ ქვეყნებში.

კარგი იქნება, თუ უფასო კვება შემოვა სკოლებში. ასევე გაკვეთილების შემდგომ, ბავშვების ნიჭიდან გამომდინარე, წრეები იქნება უფასო. ძალიან კარგი ინციატივაა უფასო ექსკურსიები, თუკი ამ მიმართულებაზეც იფიქრებს სახელმწიფო. ექსკურია მხოლოდ ის არ არის, რომ ბავშვებმა რამე ნახონ, არამედ სხვა კონცეფცია უნდა შეიძინოს - შემეცნებითი. უცხოეთში სკოლის მოსწავლეები არა ერთი დღით, არამედ ერთი კვირით მიდიან ექსკურსიაზე. მაგალითად, თბილისიდან ბავშვი რომ მიდიოდეს სამხრეთ საქართველოში”, - განაცხადა “რეზონანსთან” მურხან გულიაშვილმა.

გაძვირებული ცხოვრების პირობებში სკოლის სამზადისი ოჯახებისთვის პრობლემურია და დაბალი შემოსავლის მქონე მშობლებისთვის ეს თანხები რთულად მოსაძიებელია, ასეთი ოჯახების კი საქართველოში, სამწუხაროდ, მრავლადაა.

პროფესორი პაატა აროშიძე ადასტურებს, რომ ოჯახს, რომელსაც სკოლის მოსწავლე ჰყავს, დიდი ხარჯის გაღება უწევს, თანაც სასკოლო სამზადისი პერიოდში გამყიდველები ფასებს ზრდიან, რაც ოჯახებისთვის ეკონომიკურად საკმაოდ რთულია.

“ნებისმიერ ვითარებაში, სასკოლო მზადება ოჯახისათვის და განსაკუთრებით ისეთი ოჯახებისათვის, ვისაც 2-3 ბავშვი ჰყავს სკოლის მოსწავლე, საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რეალიზატორებმა იციან, რომ წინასასკოლო პერიოდში, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად მოიმატებს და ფასებს ზრდიან.

სასკოლო ნივთების შეძენის პროცესი გადანაწილებულია აგვისტოს 25-დან სექტემბრის 10 რიცხვამდე. ადვილი შესამჩნევია, რომ ნივთების ღირებულება ამ დროს საგრძნობლად იმატებს, იქნება ეს ბავშვთა ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, თუ წიგნები. ერთადერთი შეღავათი აქ ის არის, რომ საჯარო სკოლებში სასკოლო ბავშვები წიგნებით უზრუნველყოფილნი არიან.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ეს მოსწავლის და ოჯახის არჩევანია. როდესაც ფასიან სკოლაში მშობლებს შეჰყავს შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე იცის ხარჯების შესახებ და მისი გაწევის საშუალებაც აქვს.

გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოების ჯამური ღირებულება 100 ლარს აჭარბებდა, ახლა ინფლაციის გათვალისწინებით მეტი იქნება. როცა ერთ ოჯახში 2-3 სკოლის მოსწავლეა, 300-400 ლარი ახლაც კი დიდი თანხაა და 10-12 წლის წინ ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა? კარგია, რომ ეს ელემენტი ამოვარდა.

ოჯახს, რომელსაც სკოლის მოსწავლე ჰყავს, უწევს დიდი ხარჯის გაღება. უნდა ვაღიაროთ, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის ოჯახები დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებენ და როდესაც ერთჯერადი დიდი ხარჯია გასაწევი, მერე ასეთი ოჯახები რაღაც პერიოდი ხელმოკლედ ცხოვრობენ”, - განუცხადა “რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×