რეზონანსი
31.08.2022

გერმანიის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერი) გენერალურმა ინსპექტორმა, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა განაცხადა, რომ დასავლეთმა სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის სამხედრო ძალა და აღნიშნა, რომ რუსეთს მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა აქვს, თუკი ამას აირჩევს.

„რუსეთის სახმელეთო ჯარების ძირითადი ნაწილი შესაძლოა უკრაინაში იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთის სახმელეთო ჯარების პოტენციალი ომის მეორე თეატრის გახსნის თვალსაზრისით", - აღნიშნა გერმანელმა გენერალმა.

მისი თქმით, არმიის გარდა, რუსეთს ასევე ჰყავს საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები.

„რუსეთის საზღვაო ძალების უმეტესი ნაწილი ჯერ არ არის განლაგებული უკრაინის წინააღმდეგ ომში და რუსეთის საჰაერო ძალებს ჯერ კიდევ აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც საფრთხეს უქმნის ნატოსაც. რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთს შეუძლია კონფლიქტის რეგიონული გაფართოება. ის, რომ რუსეთისთვის ეს ძალიან არაგონივრული საქციელი იქნება, სხვა ამბავია", - აღნიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერი) გენერალურმა ინსპექტორმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმის დინამიკა შენელდა, თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს წინსვლას.

„რუსებს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვთ. ეს საბრძოლო მასალა ნაწილობრივ ძველია და ძალიან არაზუსტია, თუმცა სწორედ ეს იწვევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდ ნგრევას", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×