
სანქტ-პეტერბურგის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის დეფიციტი შეინიშნება. ამის შესახებ გამოცემა „ფონტანკა“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ერთ-ერთი მკითხველის თქმით, შაბათს დილით რამდენიმე ავტოგასამართი სადგურის შემოვლის შემდეგ ბენზინის პოვნა მხოლოდ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე შეძლო.
საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (КИНЕФ) სერიოზული დაზიანების ფონზე წარმოიშვა. საწარმო სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა რუსეთში და მისი წლიური სიმძლავრე 21 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გადამუშავებას შეადგენს.
9 ნოემბერს ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, RAND Corporation-ის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად საწარმომ წარმოების სიმძლავრის დაახლოებით 70% დაკარგა.
„ქალაქში „ლუკოილის“ ბევრ ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი არ არის, მხოლოდ დიზელია. უკვე ხუთი სადგური მოვიარე, მაგრამ საწვავი მაინც ვერ ჩავასხი. ქალაქში დავდივარ“, - განუცხადა წინა საღამოს „ფონტანკას“ კიდევ ერთმა მკითხველმა.
მისივე თქმით, რიგ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის არარსებობა „იანდექსის რუკებზეც“ იყო ასახული. თუმცა ზოგიერთ სადგურზე, სადაც სერვისის მონაცემებით საწვავი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რეალურად ბენზინი არ აღმოჩნდა.
„კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური ბლაგოდატნაიას ქუჩაზე. „იანდექსი“ წერს (იტყუება), რომ ყველაფერი მარაგშია“, - აღნიშნა გამოცემის მკითხველმა.