რეზონანსი
29.11.2026

რუსეთში საწვავის დეფიციტია, თუმცა ის ჯერჯერობით „არ იგრძნობა“. ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლება საწვავის იმპორტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

„ჩვენ ვუმკლავდებით სიტუაციას დამატებითი მიწოდებისა და სარემონტო სამუშაოების მოგვიანებით გადატანის ხარჯზე. დიახ, დეფიციტი არსებობს, თუმცა ის ჯერჯერობით არ იგრძნობა. ვგეგმავთ შიდა ბაზარზე მიწოდების გაზრდას როგორც ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იმპორტის, ისე დამატებითი წარმოების ხარჯზე“, - განაცხადა ნოვაკმა კრემლის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან საუბრისას, როდესაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების კამპანია ოქტომბრის ბოლოს განაახლა. ერთთვიანი შეტევების შემდეგ რუსეთის საწარმოებში ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობა თითქმის განახევრდა - დღეში დაახლოებით 5 მილიონი ბარელიდან 2,6-2,7 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 2000-იანი წლების დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულ მონაცემებს ანალიტიკური კომპანია Rystad Energy ავრცელებს.

არასრული ერთი თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სულ მცირე 20 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, მათ შორის ომსკის, კსტოვოსა და რიაზანის უმსხვილეს საწარმოებს, ასევე ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფსა“ და ნიჟნეკამსკში მდებარე „ტანეკოს“.

შექმნილი ვითარების შედეგად რუსეთი იძულებული გახდა მნიშვნელოვნად გაეზარდა ბენზინის შესყიდვები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მაროკო, თურქეთი და ეგვიპტე.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ოქტომბერში რუსეთის მიერ საზღვაო გზით იმპორტირებული ბენზინის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 390 ათას ტონას მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×