რეზონანსი
29.11.2026

პარტიები, „ლიკუდი" და „იაშარი" აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „იაშარის" თავმჯდომარე გადი ეიზენკოტის შეხვედრა, რომელიც ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებას ეხებოდა, საქმიანი იყო, - ინფორმაციას The Times of Isreli-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, შეხვედრაზე რაიმე გარდამტეხი შედეგი არ მიღწეულა და არც სამომავლო მოლაპარაკებები დანიშნულა.

პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ბრიფინგით დაიწყო და შემდეგ მთავრობის ფორმირების განხილვაზე გადავიდა, საქმიანი ხასიათისა იყო და ამასთან, „ორივე მხარე ცდილობდა, გადაელახა მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებები".

ებრაული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებს შორის კვლავ დარჩა მნიშვნელოვანი უთანხმოებები, რის გამოც გადაწყდა, რომ მათი მოლაპარაკებების ჯგუფები შემდგომ შეხვედრებს აღარ გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ იგი კვლავ ერთგულია ბლოკში შემავალი პარტნიორების მიმართ და რომ "ლიკუდსა" და მის მოკავშირეებს მთავრობის ფორმირების შემდეგ შეუძლიათ, შეუერთდნენ მას, მისი ძირითადი პრინციპების საფუძველზე.

ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ თანახმა იქნება, ეროვნული ერთიანობის როტაციული მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად გადი ეიზენკოტმა დაიკავოს.

საპასუხოდ, არმიის ყოფილმა მეთაურმა ეიზენკოტმა, ნეთანიაჰუს „ნამდვილი და დაჩქარებული მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარასკევს ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი" კოალიციური მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ კვირაში კონსულტაციები გამართა ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რის შემდეგაც ეიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის 28-დღიან ვადა მისცა.

ეიზენკოტის ცენტრისტულმა პარტია „იაშარმა" და სამმა სხვა ებრაულმა ოპოზიციურმა პარტიამ ოქტომბრის არჩევნებში 48 ადგილი მოიპოვეს. ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 ადგილი მიიღო; შესაბამისად, 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×