რეზონანსი
29.11.2026

რუსეთის მთავრობა წიწიბურას ექსპორტზე აკრძალვას აწესებს ქვეყანაში მისი დეფიციტის საფრთხის გამო. წიწიბურა რუსეთის მოსახლეობის კვების რაციონში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია და მაღაზიებში გაყიდული ბურღულეულის საერთო მოცულობის მესამედს შეადგენს.

აკრძალვა 28 ნოემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. შესაბამის დადგენილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. შეზღუდვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პროდუქციის მიწოდებაზე, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია სურსათის შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად“, - განმარტავენ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში.

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურას საცალო ფასი 17,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი გაძვირებამ თითქმის 20% შეადგინა, რაც ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. რუსეთის ხელისუფლება წლიურ ინფლაციას 7%-ით აფასებს.

წიწიბურას საბითუმო ფასები ბოლო ერთი თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, ზაფხულის დასაწყისიდან კი - 70%-ით. ფასების მკვეთრი ზრდა მოსავლის შემცირებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 12 წლის მინიმუმამდე დაეცა და დაახლოებით 800 ათასი ტონა შეადგინა.

გასულ წელთან შედარებით მოსავალი 126 ათასი ტონით შემცირდა, 2024 წელთან შედარებით - 400 ათასი ტონით, ხოლო 2023 წელთან შედარებით - თითქმის 40%-ით, ანუ 670 ათასი ტონით.

რუსეთს წიწიბურას მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთში გააქვს, სადაც მას ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად იყენებენ. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან ჩინეთში 157 ათასი ტონა წიწიბურა გაიტანეს, რაც წლევანდელი მოსავლის თითქმის მეხუთედს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×