რეზონანსი
29.11.2026

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს საღამოს და შაბათის ღამეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

თავდასხმის სამიზნე გახდა კიევის სვიატოშინისა და შევჩენკოს რაიონები. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, სვიატოშინის რაიონში 47 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო 17 წლის მოზარდი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალის ცხედარი ადმინისტრაციული შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. შენობა უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაინგრა.

შევჩენკოს რაიონში ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 წლის ბიჭი და სამი ზრდასრული. ბავშვი და კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში საღამოსა და ღამის თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. ოდესაში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში თავდასხმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი სახლი, საწყობები და ფერმერული მეურნეობა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე შეუტიეს ქალაქ ზაპოროჟიეს. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ სემიკინის ინფორმაციით, დაინგრა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი და ორი საგანმანათლებლო დაწესებულება. დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა, მათ შორის 14 წლის გოგონა, რომელიც დაღუპული ქალის შვილია.

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის საცხოვრებელ რაიონზე საღამოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×